
სახელმწიფო საგრანტო პროგრამა „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა“, რომელიც საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით, საქართველოს საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი, 2026 წლიდან კვლავ გაგრძელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
„მიმდინარე წელს, პროგრამის მეორე გამოცხადების შედეგად და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო გრანტი საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულმა 18-მა პირმა მოიპოვა. გამარჯვებული კონკურსანტები 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით, ეტაპობრივად გაემგზავრებიან მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო ცენტრსა და უნივერსიტეტში.
პროგრამა 2014 წლიდან სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ხორციელდება, 2026 წლიდან კი პროგრამის განხორციელებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტი გააგრძელებს.
კონკურსი ყოველწლიურად გამოცხადდება და საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, საზღვარგარეთ აიმაღლონ პროფესიული უნარები და მიღებული ცოდნის რეალიზება საქართველოში, შესაბამის დამსაქმებელ უწყებაში მოახდინონ“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
0
0