21/12/2024
15:21
პოლიტიკა
კანონში არსებული ხარვეზი ჩასწორდა. გასაჩივრების მექანიზმი არსებობს. ამიტომ, განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს EQAR-ის გადაწყვეტილებას, რომელიც 2023 წლის მდგომარეობით არსებულ საქართველოს კანონმდებლობას ეხება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
მისივე თქმით, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის რეგისტრაციის გაუქმებას „არანაირი კავშირი არ აქვს დიპლომების აღიარებასთან თუ სხვა პრაქტიკულ საკითხებთან, რომელიც სტუდენტებისა და სასწავლებლებისთვის არის მნიშვნელოვანი“.
„ასე, რომ ესეც არის ტყუილი, რომელსაც ცდილობენ, რომ გაავრცელონ. საკითხი შეეხება იმას, ამა თუ იმ დანიშვნებთან დაკავშირებით როგორ უნდა იყოს საკანონმდებლო რეგულაციები და არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის. ეს საკანონმდებლო ხარვეზი ჩასწორდა. ის, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა, ამიტომაც განვჭვრიტეთ ეს წინასწარ - განათლების სამინისტროს ჰქონდა კომუნიკაცია და ეს ხარვეზი კანონში ჩასწორდა. გასაჩივრების მექანიზმი არსებობს. ამიტომ, განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება 2023 წლის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობას. რაზეც დღეს საუბრობს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრი (EQAR) ეს აქტუალური აღარ არის, რადგან დღევანდელი კანონმდებლობა სხვაგვარად გამოიყურება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა მარგიშვილის განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) ცენტრისთვის რეგისტრაციის გაუქმება არანაირი ფორმით არ უკავშირდება საქართველოში გაცემული დიპლომებისა და მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარების საკითხს.
0
0