
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს.
კანონპროექტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფოენოვან ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სავალდებულო იქნება ქართული ენის (ორსემესტრიანი) სპეციალური კურსის გავლა.
მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ქართული ენის სავალდებულო სწავლება მომავალი აკადემიური სასწავლო წლიდან, 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყება.
მისივე თქმით, აფხაზური, როგორც ქართულთან ერთად სახელმწიფო ენა, სავალდებულო წესით უნდა ისწავლებოდეს აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებლებში.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ აფხაზური ენა ჩვენთვის ძალიან ღირებულია და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართულთან ერთად აფხაზური ენის სწავლებას, რაც განხორციელდება დეოკუპაციის შემდეგ, ძალიან დიდი მნიშვნელობა და პრიორიტეტი ენიჭება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატორი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტია.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
0
0