-share.jpg)
ყველამ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, ვისაც არ უნდა აძლევდეთ ხმას, გამოიყენეთ თქვენი ხმა. თუ თქვენ არ შემოხაზავთ, ჩათვალეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დგას და ლავროვს ხაზავს, - ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, „ლელო“ ამ დროისთვის სხვა პოლიტიკურ ძალებთან საერთო ოპოზიციურ მოლაპარაკებებში ჩართული არაა.
ის საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
„არანაირი სახელმწიფო დღეს აღარ არსებობს, დღეს არსებობს ბიძინა ივანიშვილის სახალიფო თუ საფაშო, ეს უნდა დავამთავროთ წელს, შემოდგომაზე. ჩვენ უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიმუშაოთ ორი კუთხით. პირველი, არნახული ოდენობით ხალხი უნდა გამოვიდეს, ეს არის შანსი ყველასათვის, რომ საკუთარი ძალიან მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს, რადგან თუ ბევრი ადამიანი გამოვა, არჩევნები ვერ გაყალბდება. რაღაც დონეზე შეიძლება გაყალბებას შეეცადონ და აუცილებლად შეეცდებიან, აუცილებლად რაღაც ნიშნულს გააყალბებენ, რაც გამოუვათ, მაგრამ დიდი მობილიზების შემთხვევაში, არჩევნებს ვერ გააყალბებენ, ეს არითმეტიკულად გამორიცხულია. ამიტომ ყველამ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, ვისაც არ უნდა აძლევდეთ ხმას, გამოიყენეთ თქვენი ხმა, თუ თქვენ არ შემოხაზავთ, ჩათვალეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დგას და ლავროვს ხაზავს. დიახ, თქვენს ხმას ხაზავს, ბიულეტენს იღებს ივანიშვილი ლავროვის და პუტინის შემოსახაზად. თუ ყველა გამოვა და საკუთარი ხმის უფლებას გამოიყენებს, ვერ გაყალბდება ეს არჩევნები, გამოდით და მიეცით ხმა.
მეორე - ბერლინში, ბრიუსელში, უამრავ სხვადასხვა ქალაქში, სადაც ორმხრივი შეხვედრები გვქონია, ყველგან გვაქვს წარმომადგენლების საკითხი დაყენებული. ყველა სახელმწიფოს კარგად ესმის, რომ დიდი რაოდენობით დამკვირვებლები უნდა გამოგზავნონ, ამას ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გავლენა ექნება“, - განაცხადა გეგელიამ.
0
0