
გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილი, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის სანაცვლოდ, მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ეს არის საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომლის საფუძველზეც სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა.
„გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ატკატებს იღებდა“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.
მისივე ინფორმაციით, ლილუაშვილ-გვანცელაძის დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე, მონიტორინგის თანამშრომლები.
„ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხულნი არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიოჩანაწერები“, - განმარტა გენპროკურორმა.
პროკურატურამ სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დღეს დააკავა.
0
0