
მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია გრძელდება. მათ შენობასთან მეექვსე ღამე გაათენეს.
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობლები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
მშობლები იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ მათ პრემიერი მიმართავს და მსვლელობის გამართვა აღარ მოუწევთ.
„წუხანდელი ღამე იყო საშინელი. სველი გადასაფარებლები გვეფარა, ერთმანეთს ვათბობდით. ეს იყო საშინელი ღამე, მათ კი თბილად ეძინათ. კეთილი ინებონ, აქამდე ვეხვეწებოდით და ვეუბნებოდით შეგხვდით, კი არ ვთხოვთ ვუბრძანებთ, გამობრძანდნენ, ჯერ გამობრძანდეს ვიძახით და გაგვცენ პასუხი. არ შერჩებათ, არ გაგვამწარონ იმაზე მეტად, ვიდრე დღეს ვართ გამწარებული. და როგორც დაგვცინიან, საპასუხო რეაქციას ელოდნენ ძალიან მალე“, - აცხადებს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი.
შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მშობლების განცხადებით, წამალი ვოსორიტიდი, რომლის ერთწლიანი დოზა დაახლოებით 200 000 დოლარი ჯდება, საქართველოში სულ 16 ბავშვს სჭირდება. წელიწად-ნახევარია, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებას მოითხოვენ.
0
0