
"ეს არის გამაოგნებელი, როდესაც უცხო ქვეყნის აკრედიტებული დიპლომატი ექსტრემისტ პოლიტიკოსს არაფორმალურ გარემოში ხვდება მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული ჩაიდინა", - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, "დროას" ლიდერს ელენე ხოშტარიას დაკავებამდე საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, საკუთარ სახლში, არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ვენის კონვენციის თანახმად, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს პოლიტიკაში ჩარევის უფლება არ აქვთ.
"ხშირად ვსაუბრობთ ამაზე, სიმართლე გითხრათ, უკვე მეზარება ვენის კონვენციის ხსენება. არ ვიცი, რამდენჯერ უნდა ვახსენოთ ვენის კონვენცია და შევახსენოთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, რომ პოლიტიკაში ჩარევის უფლება მათ არ აქვთ. ეს არის გამაოგნებელი, როდესაც უცხო ქვეყნის აკრედიტებული დიპლომატი ექსტრემისტ პოლიტიკოსს არაფორმალურ გარემოში ხვდება მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული ჩაიდინა.
არაერთხელ მითქვამს, რომ ზუსტად ასეთი დაუფიქრებელი ქმედებები ახალისებს ექსტრემიზმს საქართველოში. კიდევ უფრო უარესი, თუ ეს ქმედება დაფიქრებული, ჩაფიქრებული და გააზრებული იყო. ელენე ხოშტარია არის ექსტრემისტი პოლიტიკოსი, რომლის გაცხადებული მიზანია 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებზე ნების გამოხატვისთვის ხელის შეშლა, არჩევნების ჩაშლა. ის ამაზე საუბრობს. ასევე, როდესაც საუბრობენ გადატრიალებებზე თუ დამხობებზე, მისი გაცხადებული გეგმაა ხელისუფლების ძალადობით შეცვლა.
არ ვიცი, ასეთი რა ვალი აქვს რუს ხალხს ელენე ხოშტარიას მიმართ, რომ ყოველთვე მილიონობით რუბლი ერიცხება. ერთი გარემოებაც საინტერესოა, ამტკიცებენ, თითქოს რაღაც ვალდებულებები არსებობს და მეორეს მხრივ, იგივე ხალხი, თავად ელენე ხოშტარიაც ამტკიცებს, რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს, არ უნდა ენდო. როგორც ჩანს, ერთადერთი, ვის მიმართაც ხელშეკრულებებს იცავენ, არის ხოშტარიას ოჯახი. ეს არის ფარისევლობის მწვერვალი, რასაც ჩვენ ამ ოჯახის მაგალითზე ვხედავთ,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
0
0