
ორგანიზაცია Gallup-ის კვლევით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნატოს წევრ ქვეყნებს შორის აშშ-ის იმიჯი შესუსტდა, მაშინ, როცა ჩინეთის მოწონება გაიზარდა. ინფორმაციას Newsweek-ი ავრცელებს.
ნატოს წევრ ქვეყნებში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 2025 წელს ჩინეთის ლიდერობის მოწონების საშუალო მაჩვენებელი გაიზარდა, ხოლო აშშ-ის - დაეცა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ყველაზე მეტად აშშ-ის იმიჯი გერმანიაში, 39 პუნქტით შესუსტდა. გერმანიას მოსდევს პორტუგალია. პორტუგალიაში აშშ-ის იმიჯი 2025 წელს 38 პუნქტით შესუსტდა, ხოლო ჩინეთის 5 პუნქტით გაიზარდა.
ნიდერლანდებში ამერიკის იმიჯი 26 პუნქტით შემცირდა, ხოლო ჩინეთის 6 პუნქტით გაიზარდა. ყველაზე მეტად ჩინეთის იმიჯი გაიზარდა თურქეთში (21 პუნქტი), იტალიაში (14 პუნქტი), საბერძნეთში (14 პუნქტი) და უნგრეთში (14 პუნქტი).
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ნატოს ერთობა გამოცდას 2022 წლიდან გადის, როცა ჩინეთმა რუსეთს უკრაინის ომში მხარი დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად დღემდე ნეიტრალურ პოზიციას იკავებს.
გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდს დაემთხვა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების გაფუჭება, სავაჭრო ომი, ჩინეთის ინვესტიციების ზრდა სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებები, რომლითაც ის ნატოსადმი ერთგულებას ეჭვქვეშ აყენებდა.
გამოკითხვა ნატოს წევრ 31 ქვეყანაში 2025 წლის 27 მარტიდან 30 ოქტომბრამდე ჩატარდა. ეს მოხდა მანამ, სანამ აშშ ვენესუელაში სამხედრო ოპერაციას ჩაატარებდა.
0
0