02/06/2022
11:30
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე, ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელს, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 31 მაისს, ბათუმში, გ.ო.-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი. სამართალდამცველებმა გ.ო. იმავე დღეს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
0
0