30/10/2024
16:57
პოლიტიკა
გაფერადება, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ჩანს ბიულეტენის მეორე (უკანა) მხარეს, ზოგადად სუსტი და გაურკვეველია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ოდნავ აღბეჭდილი იყოს, ის არცერთ შემთხვევაში ნათლად არ ავლენს ამომრჩევლის მიერ გაკეთებულ ზუსტ არჩევანს, რაც ინარჩუნებს ხმის საიდუმლოებას, – ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ამომრჩევლის არჩევანის ფარულობა, მაშინაც კი არის უზრუნველყოფილი, თუ ბიულეტენი ძლიერად არის გაფერადებული ან მუქად, რაც შესაძლოა ჩანდეს მეორე მხარეს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში დგინდებოდეს არჩევანი.
„ჩვენ ვერ შევყვებით დაინტერესებული ჩართული მხარეების შეთქმულების თეორიებს ზოგიერთ შემთხვევაში ბიულეტენების მონიშვნის შემდგომ, მის მეორე მხარეს მონიშვნის ხილვადობის გამო, რაიმე ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ბიულეტენთან დაკავშირებით არჩევნების დღეს ასევე ვრცელდებოდა ფოტოები, რომელიც აჩვენებდა, რომ თითქოს ბიულეტენებზე წინასწარ იყო მონიშნული კონკრეტული სუბიექტი წერტილით. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გადათვლების პროცესში არ აღმოჩენილა არც ერთი ბიულეტენი მსგავსი მონიშვნით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ დაწერილა საჩივარი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთადერთი ამოცანა საზოგადოების აღქმებზე საინფორმაციო შეტევაა, რათა ამ ინფორმაციულ ნაკადში, საზოგადოებამ ვეღარ შეძლოს სიმართლის და ტყუილის გარჩევა და ბრმად დაიჯეროს მიწოდებული ინფორმაცია, როგორც ეს მოსახლეობის აღწერის მონაცემებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის მონაცემების „შედარების“ შემთხვევაში მოხდა. რისი აღიარებაც, შემდგომ, თავად ამ მონაცემების გამავრცელებლებსაც კი მოუხდათ“, – აცხადებენ ცესკო-ში.
ცესკო-ს ონფორმაციით, ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟობის ოფსეტურ ქაღალდზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე ეს იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებული ბიულეტენების შემთხვევაში.
„ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სტამბებში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები. გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სპეციალური ჩარჩო კონვერტი დამზადებული იყო იმგვარი სისქის ქაღალდისგან, რომელშიც ბიულეტენების სწორად მოთავსების შემთხვევაში სრულად იყო დაცული ფარულობა. აღნიშნული, არაერთგზის იქნა გამოცდილი განვილილი პილოტებისას და ტესტირებისას და ამ პროცესში გათვალისწინებული იქნა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. ის რომ ჩარჩო კონვერტი სრულად უზრუნველყოფდა ფარულობას აღინიშნა სხვადასხვა მედია თუ საზოგადოების წარმომადგენლებისგან“, – აცხადებენ ცესკო-ში.
0
0