ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, კორეის ნახევარკუნძულზე განლაგებულ გაეროს [აშშ-ის მიერ მართული] სასაზღვრო სადამკვირვებლო ძალების შემადგენლობაში გერმანიის შესვლა დაძაბულობას გაზრდის. როგორც Reuters-ი წერს, ჩრდილოეთ კორეამ ვაშინგტონი ნატოს აზიური ვერსიის შექმნაში დაადანაშაულა.
"აშშ გაეროს სარდლობის ფუნქციის გაცოცხლებას ცდილობს, რომელიც გასულ საუკუნეში უნდა „გადაშენებულიყო“. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს გაეროს სარდლობის ნატოს მეორე, აზიურ ვერსიად გადაქცევას. გაეროს სადამკვირვებლო ძალების შემადგენლობაში გერმანიის შესვლა აუცილებლად დაამძიმებს სამხედრო და პოლიტიკურ ვითარებას კორეის ნახევარკუნძულზე და დანარჩენ რეგიონში. გერმანია შედეგებზე სრულად იქნება პასუხისმგებელი", - თქვა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
როგორც ცნობილია, 2 აგვისტოს, აშშ-ის მოკავშირე, გერმანია, გაეროს სარდლობის უახლესი წევრი გახდა. აღნიშნული ჯგუფი ხელს უწყობს სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის სასაზღვრო მონიტორინგს და ვალდებულია, რომ, ომის შემთხვევაში, სამხრეთ კორეა დაიცვას. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გასულ კვირას განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბერლინის მტკიცე რწმენას ადასტურებს, რომ ევროპის უსაფრთხოება მჭიდროდაა დაკავშირებული ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებასთან.
0
0