„ამჟამად გადაშენებული ახალზელანდიური ფრინველის, ჰუიას, ერთმა ბუმბულმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მას შემდეგ, რაც ის აუქციონზე 28,417 აშშ დოლარად გაიყიდა. თავდაპირველად, ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ ბუმბულის ფასი 3000 აშშ დოლარამდე იქნებოდა, თუმცა შედეგმა მათ მოლოდინს გადააჭარბა,“ - განაცხადა Webb's აუქციონის სახლმა.
ახალი ზელანდიის მუზეუმის ინფორმაციით, ჰუია პატარა მგალობელი ფრინველი იყო. ის ხტუნვის უნარითა და უჩვეულოდ ლამაზი ბუმბულით გამოირჩეოდა. მაორის ხალხი ჰუიას წმინდა ფრინველად მიიჩნევდა. ტომის ბელადები და მათი ოჯახები ბუმბულებს თავსაბურავებად ხშირად ატარებდნენ. ბუმბული ძვირფას საჩუქრად და ვაჭრობის საგნადაც ითვლებოდა. ჰუია უკანასკნელად 1907 წელს ნახეს, თუმცა ახალი ზელანდიის მუზეუმში აცხადებენ, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, მას შემდეგ ფრინველი ოცი-ოცდაათი წლის განმავლობაშიც შეინიშნებოდა.
უიშვიათესი ფრინველი ახალ ზელანდიაში ჩასულთა შორისაც პოპულარული გახდა, რამაც მისი გადაშენება გამოიწვია.
„გაყიდული ბუმბული საოცარ მდგომარეობაშია. მას ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი მკაფიო ბზინვარება და დაზიანებულიც არ არის. აუქციონის სახლმა ბუმბული ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ შუშაში მოათავსა, რათა ის უვნებლად ხანგრძლივად შენარჩუნდეს. რეკორდული რაოდენობის რეგისტრირებული კოლექციონერები მივიღეთ. ახალ ზელანდიაში ჩვენ უაღრესად ვზრუნავთ მიწაზე, გარემოზე, ფლორასა და ფაუნაზე. ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ თავიდან ავიცილოთ ახალ ზელანდიაში სხვა ფრინველების გადაშენება - არ გვინდა, რომ ეს ოდესმე განმეორდეს,“ - განუცხადა BBC-ს Webb's აუქციონის სახლის დეკორატიული ხელოვნების ხელმძღვანელმა ლეა მორისმა.
0
0