27/06/2022
17:48
საზოგადოება
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე ცხედარი იპოვეს. გვამი ადგილობრივებმა შენიშნეს და მაშველებს შეატყობინეს. დაახლოებით 2 საათის წინ, ცხედარი დრონის საშუალებით დაათვალიერეს, რადგან ადიდებული წყლის გამო, მდინარის მეორე მხარეს გადასვლას ჯერ ვერ ახერხებენ. ინფორმაცია მედიას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მაცაცო ნარიმანიძემაც დაუდასტურა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფშავში მეორე დღეა მხოლოდ ერთ ადამიანს, დაკარგულ ტურისტს ეძებს, რომელიც გუშინ, 26 ივნისს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე მოტოციკლით გადაადგილდებოდა და ხევიდან გამოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე არაგვში გაიტაცა. შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა თვითმხილველმა შოთა ჭინჭარაულმა გაავრცელა. წინასწარი ინფორმაციით, ტურისტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
„მთის ამბები“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს არაერთხელ დაუკავშირდა, სადაც, ვიდრე დეტალებს ადგილობრივებზე დაყრდნობით არ დავაზუსტებდით, არ გვიდასტურებდნენ, რომ ფშავში ცხედარია ნაპოვნი. ცხედრის იდენტიფიცირება მას შემდეგ მოხდება, რაც მის გამოტანას შეძლებენ.
0
0