
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ჩატარებული რეგიონული არჩევნების შედეგებს „კატასტროფული“ უწოდა.
მისივე თქმით, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ შეუპოვრად იბრძოდა, მაგრამ გამანადგურებელი მარცხი განიცადა.
ამავდროულად, გერმანიის კანცლერმა შეაქო „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ მუშაობა ბერლინში და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რაღაც უნდა შეიცვალოს.
„რეფორმები უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველას რთულ მდგომარეობაში გვაყენებს, მაგრამ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ავიღებთ. მე ამ პასუხისმგებლობას ავიღებ, რადგან მსურს ჩვენი ქვეყნის წინსვლა. ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, მოითხოვს სიმტკიცეს, ურყევობას და მოთმინებას“, – განაცხადა მერცმა.
ცნობისთვის, დღეს ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურა. მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწაზე ჩატარებული ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 37% მიიღო. მეორე ადგილზეა „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია 35.5%-ით. კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ 5.5%-იანი შედეგით მესამე ადგილზეა, რაც რეგიონულ პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ბარიერს მცირედით აღემატება.
ეგზიტპოლის მიხედვით, ბერლინში „მემარცხენე პარტია“ 24.5%-ით ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა ხდება, რაც წინა არჩევნებთან შედარებით, 12.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული შედეგია. მეორე ადგილზეა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ 20%-ით, რომელმაც წინა არჩევნებთან შედარებით, 8.2 პროცენტული პუნქტი დაკარგა. მესამე ადგილზეა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 16%-ით. პარტიის შედეგი, წინა არჩევნებთან შედარებით, 6.9 პროცენტით არის გაზრდილი.
0
0
დღეს ღვთისმშობლობაა
21/09/2026