
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, საქსონია-ანჰალტში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებამ მისი პარტია, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ საფუძვლიანად შეარყია და აჩვენა, რომ პარტიაში სერიოზული გადაფასების საჭიროება დადგა, - ინფორმაციას The Guardian-ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს ჩვენს პარტიას საფუძვლებამდე არყევს. ჩვენ უბრალოდ ძველებურად ვეღარ გავაგრძელებთ - ვერც მე და ვერც ფედერალური მთავრობა“, - განაცხადა მერცმა.
მედიის ინფორმაციით, მერცმა დღეს პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვია, რათა განეხილათ, როგორ უპასუხონ საქსონია-ანჰალტში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
შეგახსენებთ, წინასწარი შედეგების თანახმად, საქსონია-ანჰალტში გუშინ ჩატარებულ რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ -„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) - ხმების 43.8%-ით გაიმარჯვა. ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU), რომლის წევრიც საქსონია-ანჰალტის მხარის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი სვენ შულცეა, ხმების 17.2% მიიღო, მემარცხენე პარტიამ - 8.6%, ალიანსი 90/მწვანეებმა - 8.9% და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) - 9.3%. პარლამენტში ასევე მოხვდა სარა ვაგენკნეხტის კავშირი, ხმების 5.3%-ით. თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ (FDP) და სხვა პარტიებმა კი 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. არჩევნებში აქტივობამ 77.8% შეადგინა.Deutsche Welle წერს, რომ ამ შედეგების მიხედვით, საქსონია-ანჰალტის პარლამენტში 83 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 39 მანდატს მიიღებს, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ - 15-ს, „მემარცხენე პარტია“, „ალიანსი 90/მწვანეები“ და „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SDG) - რვა-რვა ადგილს, „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ კი - 5-ს.საქსონია-ანჰალტის მხარის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი 35 წლის ულრიხ ზიგმუნდია.
0
0