
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ბერლინში სირიის პრეზიდენტს მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრაქტივი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ეს იქნება სირიის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში მას შემდეგ რაც, 2024 წლის ბოლოს ბაშარ ასადის რეჟიმი დაემხო.
სირიის მოქმედი პრეზიდენტი აჰმად ალ შარაა, რომელიც მანამდე მეამბოხეთა ლიდერი იყო, უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, საფრანგეთის ლიდერს, ემანუელ მაკრონს და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს.
როგორც „ევრაქტივი“ წერს, გერმანიის კანცლერმა სირიის პრეზიდენტი ბერლინში შარშან მიიწვია, როდესაც დაიწყო დავა სირიელების შესაძლო რეპატრიაციის თაობაზე.
შარშან ოქტომბრის ბოლოს სირიაში ჩავიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში ნგრევის მასშტაბებისა და არასტაბილურობის გათვალისწინებით, სირიელების სამშობლოში სწრაფად დაბრუნება შეუძლებელია.
გერმანიაში დაახლოებით მილიონი სირიელი ცხოვრობს. ბერლინმა ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი სირიელი ლტოლვილი შეიფარა. მათგან მხოლოდ ნაწილი დაბრუნდა სამშობლოში.
აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში სირიაში ჩავლენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა. ისინი ასევე გეგმავენ შეხვედრას სირიის პრეზიდენტთან.
0
1