
„ლიბერალი მილიარდერი ჯორჯ სოროსი დიდ თანხებს დებს ტეხასის შტატში, რათა მისი მართვა დემოკრატებს გადაეცეს“, - ამის შესახებ Fox News ტეხასის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, გასული ერთი წლის განმავლობაში სოროსმა სულ მცირე 3 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო დემოკრატების დასახმარებლად, რათა მათ წარმატებისთვის მიეღწიათ შტატში, სადაც რესპუბლიკელები ლიდერობენ.
„ფინანსისტი დახმარებას უწევს ერთ-ერთ პროგრესულ ჯგუფს, რომელიც ამ მიზნების მიღწევაზე მუშაობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯერ კიდევ აგვისტოში, Fox News Digital იუწყებოდა, რომ Texas Majority PAC-მა სოროსის პოლიტიკური სამოქმედო კომიტეტის, Democracy PAC II-სგან ასობით ათასი დოლარი მიიღო. გამოცემის ცნობით, სწორედ ამის შემდეგ გამოვიდა ეს ორგანიზაცია ჩრდილიდან და ყურადღების ცენტრში მოექცა.
გამოცემა The Texas Tribune-ის ცნობით, Texas Majority PAC-ს იმავე გუნდის წევრები ხელმძღვანელობენ, რომლებიც დემოკრატი ბეტო ო'რურკის წარუმატებელ კამპანიას ედგნენ სათავეში გუბერნატორის არჩევნებში. არსებული ცნობით, გასულ წელს, ამ გაერთიანებამ თითქმის 2.25 მილიონი დოლარი მიიღო.
„ჩვენ კიდევ მილიონობით დოლარი და ასობით სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი გვჭირდება“, - განუცხადა The Texas Tribune-ს გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა კეტრინ ფიშერმა - „Texas Majority PAC ტეხასის მასშტაბით პარტნიორებთან მუშაობს იმისთვის, რომ შტატში რადიკალური ცვლილებებისთვის პირობები შეიქმნას“, - ამბობს ის.
Fox News-ის ცნობით, ტეხასში საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ახლად გამოქვეყნებული ჩანაწერების მიხედვით, სოროსის Democracy PAC II-მ ზემოხსენებულ გაერთიანებას 850 000 დოლარი გადასცა შემოწირულობის სახით, პირადად სოროსმა კი 1.4 მილიონი დოლარი გადასცა ორგანიზაციას.
0
0