
ფონდ „ჰერითიჯის“ „მარგარეტ ტეტჩერის თავისუფლების ცენტრის“ დირექტორის ნაილ გარდინერის აზრით, კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ევროკომისიისა და ევროკავშირის გაუქმების შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო ქებას იმსახურებს.
გარდინერი საკუთარ სტატიაში მასკს ციტირებს: „ევროკავშირი უნდა გაუქმდეს, ხოლო სუვერენიტეტი ცალკეულ ქვეყნებს დაუბრუნდეს, რათა მთავრობებმა საკუთარი ხალხის ინტერესები უკეთ წარმოადგინონ“.
მისი თქმით, მასკმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიტყვები გაიმეორა, რომელიც აგრეთვე მკვეთრად აკრიტიკებს ევროკავშირს. მიმდინარე კვირას თეთრი სახლის ლიდერმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროპის დიდი ნაწილი „სუსტი“ და „პოლიტიკურად კორექტული“ ლიდერების გამო დაღმასვლას განიცდის.
როგორც გარდინერი წერს, მასკმა აღნიშნული განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირმა სოციალური ქსელი X-ი 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა ევროპული კანონმდებლობის დარღვევის მოტივით. აღნიშნული უმსხვილესი ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯად აღიქვეს.
სინამდვილეში, როგორც ექსპერტი წერს, ევროკომისიამ სოციალური ქსელი X-ი არა გამჭვირვალობის არარსებობის გამო დააჯარიმა, არამედ პლატფორმა დიდი ხანია ხელს უშლის მათ, ვისაც სიტყვის თავისუფლების ეშინია ან ვერ იტანს მას. საქმე ისაა, რომ ბრიუსელის მანქანა მასკს საფრთხედ აღიქვამს და მის გაჩუმებას ცდილობს.
ევროკავშირი სულ უფრო და უფრო ასოცირდება დესპოტიზმთან, სოციალიზმთან, მასობრივ მიგრაციასთან, სიტყვის თავისუფლების ჩახშობასთან და ეროვნული სუვერენიტეტის დაკნინებასთან. აშშ-ის კონგრესის ზოგი წევრი და ამერიკელი მაღალჩინოსნები სამართლიანად ფიქრობენ, რომ ევროკავშირი არის არადემოკრატიული, მას ძალაუფლების მოყვარული დანიშნული ადამიანები მართავენ, რომლებიც პრაქტიკულად არაფერზე არიან პასუხისმგებელნი.
გარდინერი იუწყება, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მასკს მხარი დაუჭირა და ევროკავშირი გააფრთხილა, რომ ევროპული კომისიის მოქმედება არის “თავდასხმა ყველა ამერიკულ ტექნოლოგიურ პლატფორმასა და ამერიკელ ხალხზე უცხოური მთავრობების მხრიდან“.
ფონდ „ჰერითიჯის“ „მარგარეტ ტეტჩერის თავისუფლების ცენტრის“ დირექტორის ვარაუდით, ახლა დადგა დრო, რომ აშშ-მა ამერიკაში ევროკომისიის იმ ჩინოვნიკებს აუკრძალოს შესვლა, რომლებიც მასკზე და მის კომპანიაზე თავდასხმაზე არიან პასუხისმგებელნი.
„ისინი უნდა დასანქცირდნენ და მათ შეერთებულ შტატებში შესვლა და მომდევნო წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება უნდა აეკრძალოთ. ეს ნათლად მიანიშნებს, რომ ვაშინგტონი ამერიკელ მოქალაქეებზე და ევროპაში მათ ბიზნესზე თავდასხმებს არ მოითმენს“, - წერს გარდინერი.
0
0