ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი იტალიის პრემიერის კრიტიკას გაურბის, რადგანაც მეორე ვადით კომისიის თავმჯდომარის პოსტზე არჩევისას მისი მხარდაჭერა სჭირდება. ამის გამო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა, რომელშიც იტალიის ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით კრიტიკას შეიცავს, ჯერ გამოქვეყნებული არ არის და ის ევროკომისიის ხელმძღვანელის არჩევამდე, სავარაუდოდ, არც მოხდება. ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
კომისიის დასკვნა იტალიაში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის მთავრობის პერიოდს ეხება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში 2022 წელს მოვიდა. სწორედ მისი მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს ურსულა ფონ დერ ლაიენი, რათა კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობა მომდევნო 5 წლით დაიკავოს.
იტალიაში მედიაზე ზეწოლა იქამდეც კი მივიდა, რომ მიმდინარე წლის მაისში იტალიის ტელეკომპანია RAI-ს თანამშრომლებმა გაფიცვა გამოაცხადეს, რადგანაც მთავრობა ხელისუფლების რუპორად ამ ტელევიზიის გადაქცევას ცდილობს. იტალიის პრესის ასოციაციის ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჟურნალისტების წინააღმდეგ სასამართლო სარჩელები და მედიის საქმეებში მთავრობის ჩარევა მნიშვნელოვნად გახშირდა.
ევროკომისიის ორი წყაროს ცნობით, პრეზიდენტის კაბინეტმა ევროკომისიის გენერალურ სამდივნომ თხოვნით მიმართა, რომ ანგარიშის გამოქვეყნება გადადებულიყო. იქ იტალიაში მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობაზეა საუბარი.
კომისიის წევრებმა ეს ინფორმაცია სწორედ იმის გამო გამოაქვეყნეს, რომ მათთვის ურსულა ფონ დერ ლაიენის მსგავსი ქმედებები სრულიად მიუღებელია. ინფორმაციის გამავრცელებლების ვინაობა ანონიმურია.
ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლოფ გილმა განაცხადა, რომ ანგარიში სხვადასხვა ქვეყანაში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ ამჟამად მომზადების ეტაპზეა. და ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით, მათ შორის იტალიასთან დაკავშირებით, ანგარიში მაშინ გამოქვეყნდება, როდესაც დეტალურად იქნება შედგენილი.
ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამისთვის გერმანიის მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის ლიდერს მემარჯვენე ცენტრისტული, მემარჯვენე და ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა სჭირდება.
მათ შორის არის ჯორჯა მელონიც - იტალიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „იტალიის ძმები“-ს ლიდერია. ფონ დერ ლაიენმა იტალიის მემარჯვენე პრემიერს კანონის უზენაესობის მცველიც კი უწოდა, რადგანაც მისი და სხვა ულტრამემარჯვენე პარტიების ხმები სჭირდება.
როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის თავმჯდომარედ პირველი ვადით აირჩიეს, მან საარჩევნო კამპანია სწორედ კანონის უზენაესობისთვის ბრძოლის გარშემო ააგო. სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ ევროკომისიის პრეტენზიების გამო უნგრეთს გარკვეულ ფინანსურ რესურსებზე წვდომა შეეზღუდა.
ევროპარლამენტში კომისიის თავმჯდომარის საკითხზე კენჭისყრა 18 ივლისისთვის არის დაგეგმილი. ამასთანავე, საკითხის გაჭიანურების შემთხვევაში ამ საკითხის განხილვა შეიძლება სექტემბერშიც გაგრძელდეს.
0
0