29/08/2023
12:20
მსოფლიო
აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის (NHC) განცხადებით, ფლორიდა და კუბა ტროპიკული ქარიშხლისთვის - „იდალიასთვის“ - ემზადებიან, რომელსაც მოსალოდნელია, რომ მე-3 (დამანგრეველი) კატეგორია მიენიჭოს.
ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა განაცხადა, რომ შტატი ქარიშხლის "ძირითადი ზემოქმედების პრევენციისთვის" მზადყოფნაში უნდა იყოს. „იდალიას“ გამო სკოლებიც დაიხურება.
”ეს ძლიერი ქარიშხალი იქნება და ფლორიდის შტატზე მრავალი თვალსაზრისით იმოქმედებს. სტიქია ფლორიდის დასავლეთ სანაპიროზე და ასევე დასავლეთ კუბაში წყალდიდობას გამოიწვევს. კუბის ქალაქ პინარ დელ რიოში მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ გაფრთხილება უკვე გაცემულია”, - თქვა დესანტისმა პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფლორიდის შტატში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბრძანება გასცა.
28 აგვისტოს, ათასობით კუბელმა კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე ქალაქები დატოვა. წყალდიდობამ ჰავანას სამხრეთით მდებარე მეთევზეთა სოფელი გუანიმარი დატბორა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსა და ბერმუდის კუნძულებს შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში [მე-4 კატეგორიის] კიდევ ერთი შტორმი „ფრანკლინი“ დაატყდეს თავს.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ ზონაში ატლანტიკური ქარიშხლების სეზონი პიკს უახლოვდება.
0
0