
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, სარგებლობს ომის გაგრძელებით, რადგან ქვეყანა „ამის ხარჯზე ცხოვრობს“, - ამის შესახებ მან პარლამენტის წევრებს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე გამგზავრებამდე განუცხადა.
მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით: „ევროპის ქვეყნებს სურთ უკრაინაში ომის გაგრძელება, ლიდერების შეხვედრები სამხედრო საბჭოების თათბირებია“.
ფიცოს თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე, არ არის დაინტერესებული ომის დასრულებით, რადგან ის „ცხოვრობს“ ამით.
ფიცოს თქმით, სამიტზე ერთი მიზნით მიდის, ის ბრიუსელში სამიტზე უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის განახლების საკითხს დააყენებს.
„არ შევალ დეტალებში, რადგან ფორმულირებები ყოველწუთიერად იცვლება, მაგრამ ჩვენ სწორ გზაზე ვართ. ვფიქრობ, დასკვნებში მითითებული იქნება, რომ ევროკომისიამ სლოვაკეთთან და უკრაინასთან ერთად უნდა იპოვოს უკრაინის ავლით გაზის ტრანზიტის აღდგენის გზა. თუ ეს იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს დასკვნების ბლოკირების მიზეზი“, - განაცხადა ფიცომ.
მისი თქმით, თუ ევროკავშირის ლიდერების სამიტის გადაწყვეტილებაში რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის აღდგენის აუცილებლობაზე საუბარი არ იქნება, მაშინ ის ამ გადაწყვეტილებებს დაბლოკავს.
„თუ არ იქნება არც ერთი სიტყვა ნახსენები გაზის ტრანზიტის აღდგენის აუცილებლობაზე, დავბლოკავ დასკვნებს. ამას ვამბობ ძალიან მკაფიოდ და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე“, - დასძენს ფიცო.
ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში ორ თემას განიხილავენ. პირველი არის ევროპის თავდაცვის გაძლიერება, მეორე არის უკრაინის სამხედრო დახმარება.
0
0