
ევროპამ და ფინეთმა უნდა აღიარონ, რომ აშშ იცვლება და აშშ-ის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის იდეოლოგია „ჩვენს ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ნატოს ევროპელმა წევრებმა, მათ შორის ფინეთმა, ბოლო კვირების განმავლობაში დაიწყეს თავიანთი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიების გადახედვა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იანვარში გრენლანდიის გამო ევროპელ მოკავშირეებთან დაძაბულობა გაამწვავა.
ფინეთი განაახლებს თავის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დოქტრინას საერთაშორისო ვითარებაში მომხდარი ცვლილებების ასასახად - განუცხადა სტუბმა პარლამენტის წევრებს სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ აშშ ცვლილებებს განიცდის. იცვლება მისი მიდგომა მოკავშირეებისადმი, ისევე როგორც საგარეო პოლიტიკის წარმოების სტილი“, - განაცხადა მან, თუმცა იქვე დასძინა, რომ აშშ მაინც „მნიშვნელოვან მოკავშირედ“ რჩება.
„აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას საფუძვლად უდევს იდეოლოგია, რომელიც ჩვენს ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის“, - განაცხადა სტუბმა.
ღირებულებათა ასეთი კონფლიქტის მაგალითებად მან დაასახელა ის ფაქტი, რომ აშშ ძირს უთხრის არსებულ საერთაშორისო წესრიგს, მოქმედებს საერთაშორისო ინსტიტუტების გვერდის ავლით და აკნინებს ევროპის მნიშვნელობას.
0
0