03/08/2023
16:02
საზოგადოება
საქართველო განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ, შემზღუდველ სანქციებთან დაკავშირებით, ევროკავშირის მიერ, დაწესებული სანქციების ქვეშ მოქცეული პირებისა და საქონლის ჩამონათვალი, მოცემულია ევროპის საბჭოს 2014 წლის 31 ივლისის (EU) No 833/2014 რეგულაციის (COUNCIL REGULATION (EU) No 833/2014 of 31 July 2014 , concerning restrictive measures in view of Russia's actions destabilising the situation in Ukraine) კონსოლიდირებული ვერსიის დანართებში.
აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით და გაცნობა შესაძლებელია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A02014R0833-20220722
ამასთან, აღნიშნულ კონსოლიდირებულ დანართში, მე-11 პაკეტის სახით, შევიდა ცვლილება COUNCIL REGULATION (EU) 2023/1214 of 23 June 2023, გთხოვთ, იხილოთ ბმული: https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32023R1214 რომლის თანახმად, 2023 წლის 26 სექტემბრიდან, მიუხედავად ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებისა, აიკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ისევე როგორც ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში (COUNCIL REGULATION (EU) 2023/1214).
აქვე განვმარტავთ, რომ 2023 წლის 1-ლი აგვისტოდან ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ემბარგოსა და სხვა სპეციალური კონტროლის რეგულაციის 746-ე ნაწილის მე-5 დანართის მიხედვით, მიუხედავად ავტომობილის ღირებულებისა, იკრძალება ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში შემოყვანილი ან ამერიკული საავტომობილო კომპანიების ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთსა და ბელარუსში. იხილეთ შესაბამისი ბმული: https://www.ecfr.gov/current/title-15/subtitle-B/chapter-VII/subchapter-C/part-746 აღსანიშნავია, ის გარემოება რომ აშშ-ის მიერ ავტომობილებთან მიმართებით, დაწესებულ სანქციებში არ ყოფილა მითითებული კონკრეტული ვადები (განსხვავებით ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისგან) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე ნაყიდი იყო დილერების მიერ, აღნიშნული სანქციების გამოქვეყნებამდე. შესაბამისად, სანქციების ფარგლებში, არ ყოფილა განსაზღვრული მსგავსი ავტომობილების სტატუსი (ვადად მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტო განისაზღვრა დამატებითი კონსულტაციების შედეგად).
როგორც ცნობილია, აშშ-ის მიერ, სანქციების დაწესებისას, არ ხორციელდება წინასწარი კონსულტაციები სხვა ქვეყნებთან და შესაბამისად, წინასწარ არ არის ცნობილი არც კონკრეტული საქონლის კოდი, რომელიც ხვდება სანქციების სიაში და არც მისი ამოქმედების ვადები. შესაბამისად, მოსალოდნელი სანქციების თაობაზე ინფორმაცია წინასწარ ვერ იქნება გაზიარებული ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებზეც შესაძლებელია გარკვეული გავლენა ჰქონდეს აღნიშნულ სანქციებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით განვმარტავთ, რომ შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან მითითებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აქვს მუდმივი კონსულტაციები აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან/პარტნიორ ქვეყნებთან და სანქციებთან მიმართებით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება/გაცემა ხდება მხოლოდ მას შემდეგ როდესაც ის უკვე დადასტურებულია ოფიციალური წყაროებიდან და გასათვალისწინებელია ბიზნესოპერატორებისთვის.
0
0