
ირანმა აშშ-ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ომის დასასრულებლად მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ბირთვული გამდიდრების შესაძლებლობები, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი პოტენციური შეთანხმება მოითხოვს ირანისგან ბირთვული გამდიდრების შესაძლებლობების შემცირებას, რომლის გარეშეც ვაშინგტონი თეირანთან შეთანხმებას არ დადებს.
„თუ არ გსურთ ბირთვული იარაღი, მაშინ რატომ გჭირდებათ 60 პროცენტით გამდიდრებული საწვავი? და თუ გსურთ ბირთვული იარაღის არშექმნის ვალდებულების დემონსტრირება, ნუ შექმნით მაღალგამდიდრებულ საწვავს. ეს ძალიან ძირეული საკითხია“, – განაცხადა ვენსმა.
ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ღია რჩება შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ მოითხოვს კონკრეტულ დათმობებს ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით.
„ჩვენ არ ვაპირებთ სიტყვების მოქმედებაზე გაცვლას“, – განაცხადა ვენსმა.
„როიტერის“ ცნობით, საკითხს ართულებს ის, რომ ვაშინგტონს არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს თეირანში.
ვენსის თქმით, აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან. თუმცა, მისი თქმით, გაურკვეველია, რამდენად დიდი უფლებამოსილება აქვთ მათ ირანის ხელისუფლების სტრუქტურაში მას შემდეგ, რაც ომის დასაწყისში აშშ-ისრაელის ერთობლივმა დარტყმებმა უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი იმსხვერპლა.
„ერთ-ერთი რამ, რაც ჩვენ შევნიშნეთ, არის ის, რომ ბოლომდე ნათელი არ არის, თუ როგორ იღებს მათი ქვეყანა გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა ვენსმა.
0
0