04/05/2023
18:14
სამხედრო
ევროსაბჭოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, დღეს საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში, თავდაცვის სექტორში ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გასაძლიერებლად მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარების ორი პაკეტი დაამტკიცა.
"ამ ახალი დახმარებით ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მოდერნიზაციის მხარდაჭერას. რთული გეოპოლიტიკური კონტექსტისა და მათი ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვის სექტორების გაძლიერებასა და ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობისთვის საჭირო უნარების განვითარებაში. EPF-ის ფარგლებში ეს ორივე ქვეყნისთვის დახმარების რიგით მესამე პაკეტია, რაც ევროკავშირის ურყევ ერთგულებას რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში ნათლად უსვამს ხაზს". - ამბობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.
როგორც პრესრელიზიდან ხდება ცნობილი, საქართველოს მხარდასაჭერად მიღებული 30 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი 36 თვიან პერიოდს მოიცავს და საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის არალეტალურ შეიარაღებას, მარაგებსა და სერვისებს, მათ შორის, მოთხოვნის შესაბამისად, ტექნიკურ მომზადებასაც დააფინანსებს. დამტკიცებულია საინჟინრო, მართვისა და კონტროლის, სამედიცინო, ლოგისტიკისა და კიბერთავდაცვის აღჭურვილობა.
რაც შეეხება მოლდოვას, ევროსაბჭოს მიერ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისთვის მიცემული დახმარება 40 მილიონი ევროა.
საქართველომ საბჭოსგან დახმარება 2023 წლის 8 თებერვალს მოითხოვა და ის რიგით მესამეა 2022 წლის დეკემბრის 20 მილიონ ევროიანი და 2021 წლის დეკემბრის €12.75 მილიონიანი დახმარებების შემდეგ.
0
0