
ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 11 ევროპული ქვეყნის 37 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50-ზე მეტი წარმომადგენელი ეწვია. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, განიხილავენ საერთაშორისო უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს, მსჯელობენ ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე.
თსუ რექტორის მოადგილის, პროფესორ ერეკლე ასტახიშვილის თქმით, ინტერნაციონალიზაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. პერსონალის საერთაშორისო კვირეული, რომელიც უკვე ტრადიციულად იმართება თსუ-ში, საერთაშორისო საუნივერსიტეტო თანამშრომლობის განვითარების კარგი საშუალებაა. „ეს ღონისძიება არა მხოლოდ უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებას, არამედ უნივერსიტეტებში ინკლუზიური და ინოვაციური გარემოს შექმნას, ასევე, პარტნიორი უნივერსიტეტების მხრიდან ცოდნის, იდეების, გამოცდილების გაზიარებას და ახალი კონტაქტების მოძიებას შეუწყობს ხელს“,-განაცხადა ერეკლე ასტახიშვილმა.
0
0