
საქართველო შავი ზღვისპირა ქვეყანაა. შავი ზღვა ჩვენი ისტორიაა და ნამდვილად უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. განსაკუთრებით იმ პერიოდს ავიღებდი, როცა რუმინეთი, ბულგარეთი ევროკავშირში გაწევრიანდნენ, რის შემდეგაც საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისთვის, შავი ზღვა იქცა ევროკავშირთან ერთგვარ დამაკავშირებელ ზღვად. ასე ვხედავთ მას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე" გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, შავი ზღვის გავლით კავშირების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.
"ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის გავლით კავშირების განვითარება და ასე ვხედავთ ამას საქართველოსთვის. შავი ზღვა არის დამაკავშირებელი ზღვა ევროკავშირთან და ევროპულ ზონასთან. როგორც აღნიშნეთ, შავ ზღვასთან დაკავშირებით უამრავი საკითხია. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ესაა უსაფრთხოება, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსეთის ფედერაციამ და არ დაწყებულა 2008-ში. ეს ჯერ კიდევ გრძელდება. რუსეთი განაგრძობს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და ერთ-ერთი მათგანი, შავი ზღვის რეგიონი, აფხაზეთია. მოგვიანებით, ჩვენ ყირიმის ანექსიისა და იმის პირისპირ აღმოვჩნდით, რაც ახლა ხდება უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის რეგიონთან და შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით როცა ვსაუბრობთ, შეუძლებელია ჩვენი თანამშრომლობის ასპექტის უგულებელყოფა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირისთვის დაკავშირების სფეროში თანამშრომლობა ორმხრივად მომგებიანია.
"დავუბრუნდეთ საქართველოს, საქართველოს ხედვას, თუ როგორ ვხედავთ და რისი მიღწევა გვსურს შავ ზღვასთან დაკავშირებით – რა თქმა უნდა, თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეზობელია. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთთან, რუმინეთი და ბულგარეთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ჩვენთვის თანამშრომლობისა და პარტნიორობის განვითარებისთვის და ამგვარად, ევროკავშირთან პარტნიორობის, თანამშრომლობისა და დაკავშირებადობის პროექტების განვითარებისთვის. ასე რომ, ალბათ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ცოტა მეტად განვავითაროთ დაკავშირებადობის პროექტები, თუმცა ეს ჩვენი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვიტყოდი, რომ შავი ზღვა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ ინტერესებზე, თავის ინტერესებს ყველა სხვაგვარად წარმოაჩენს. ჩვენ ვხედავთ, როგორ არის წარმოდგენილი რუსეთის ინტერესები რეგიონში და როგორია მათი ინტერესების წარმოჩენის გზები. ინტერესის განხორციელების სხვადასხვა გზა არსებობს და ეს არის კარგი თანამშრომლობა ურთიერთსასარგებლო საქმეებისთვის. საქართველოსა და ევროკავშირისთვის დაკავშირების სფეროში თანამშრომლობა ორმხრივად მომგებიანია, რადგან საქართველოს სჭირდება ევროპა და ევროპას სჭირდება საქართველო ამ თანამშრომლობისთვის, დაკავშირებადობის პროექტების განვითარების თვალსაზრისით. ახლახან უნგრეთთან, რუმინეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, ხელი მოვაწერეთ მწვანე ენერგიასთან დაკავშირებულ დაკავშირებადობის პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობის განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან.
„აღმოსავლეთისკენ თუ გავიხედავთ, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობის განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან. ამის გარეშე ჩვენ ვერ განვახორციელებთ დაკავშირებადობის პროექტებს – თუ გვაქვს მხარეები, აღმოსავლეთი და დასავლეთი, ვერ განვავითარებთ თანამშრომლობას ორივე მხარესთან. ასე რომ, საქართველოს მაგალითი საკმაოდ საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩვენ შევიმუშავეთ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები მრავალ აქტორთან ჩვენს რეგიონში, გარდა მეზობელი ქვეყნისა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან, ცენტრალური აზიის უმეტეს ქვეყანასთან. ეს ნამდვილად აძლევს ერთგვარ დამატებით იმპულსს საქართველოს განვითარებას, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ კვანძს. როდესაც საქმე ეხება ინტერესთა დაბალანსებას, ვფიქრობ, ჩვენს რეგიონში თანამშრომლობის საუკეთესო მოდელი იქნება, საშუალება მივცეთ ქვეყნებს, განავითარონ თავიანთი სუვერენიტეტი, საკუთარი ეროვნული ინტერესები და შემდეგ ითანამშრომლონ ყველა დანარჩენის საკეთილდღეოდ. ასე რომ, ევროპული ინტერესები თუ არსებობს, ჩვენ აქ ვართ, რათა ვითანამშრომლოთ ევროპული ინტერესების სასარგებლოდ. არის ქართული ინტერესებიც, რაც, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია. იგივე ეხება ჩინეთს და სხვა მოთამაშეებს რეგიონში. ასე რომ, არსებობს საერთო ინტერესები და სწორედ აქ უნდა განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა, განვავითაროთ პარტნიორობა. ვფიქრობ, გვაქვს ეს პოტენციალი.
უამრავი წარმატებული პროექტია, რომელიც განვითარდა სამხრეთ კავკასიაში პარტნიორობით, ჩვენს მეზობლებთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან. ეს პროექტები ათწლეულებია, არსებობს და ეს არის რეგიონის ქვეყნებს შორის მეზობლობის კარგი მაგალითი. მჯერა, ჩვენ შეგვიძლია, კიდევ მეტი შევთავაზოთ უფრო ფართო რეგიონს. რა იქნება ევროკავშირის სტრატეგია? რადგან ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო არის შავი ზღვის ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიო ამბიცია, გახდეს ევროკავშირის ნაწილი, მკაფიო განაცხადი, რომ სურს, იყოს ევროკავშირის წევრი და მოძრაობს ამ მიმართულებით. ისევ და ისევ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში. ბევრი რამ არის დამოკიდებული უკრაინაზე და ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი. იმედი მაქვს, დასრულდება და ვიმედოვნებ, დასრულდება საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო პრინციპების დაცვით. ეს არის იმედი ამ მომენტისთვის და ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორი განვითარებები იქნება უსაფრთხოების კუთხით, რაც აუცილებლად იმოქმედებს შავი ზღვის უსაფრთხოების მექანიზმებზე. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება იმის წარმოდგენა, როგორი იქნება შავი ზღვა უსაფრთხოების თვალსაზრისით სამი წლის შემდეგ," – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0