
Politico-ს ინფორმაციით, ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ მათი დაფინანსება ტრამპის მეთოდის მიხედვით შემცირდება.
"ევროკავშირი ყოველწლიურად გასცემს მილიარდობით ევროს გრანტებს არაკომერციულ ორგანიზაციებზე. სექტორი, რომელიც ამაყობს ლობისტების მეორე უმსხვილესი არმიით ბრიუსელში, თვეების განმავლობაში მძიმე ბრძოლაშია კონსერვატიულ კანონმდებლებთან, ევროკავშირის გრანტის ფულის ლობირების მიზნით გამოყენების გამო.
ყველაფერი ამ თვის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ევროკომისიამ აღიარა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება მოიცავდა იმას, რაც მიიჩნევა „არასათანადო ლობირებად“, - წერს Politico.
გასულ ორშაბათს, ევროპული აუდიტორული სასამართლოს მკაცრმა მოხსენებამ გააკრიტიკა კომისია ბუნდოვანი სისტემის გამო, მცირე ზედამხედველობით, იმის შესახებ თუ, როგორ იყენებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის გრანტებს.
სამშაბათს, ევროპარლამენტარებმა მიიღეს შესწორებები, რომლებიც მოუწოდებენ ბრიუსელს, გაზარდოს კონტროლი იმაზე, თუ როგორ ხარჯავენ არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის გრანტებს. ამ საკითხზე პასუხისმგებელი ევროპარლამენტარები ამტკიცებენ, რომ საქმე არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შემცირება, არამედ უბრალოდ გამჭვირვალობის გაზრდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, შიშობენ, რომ დამატებითი ნაბიჯები საბოლოოდ გამოიწვევს ბიუჯეტის შემცირებას. მათი შიში, არც თუ ისე უსაფუძვლოა.
გასულ ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უთხრეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ჯანდაცვის კუთხით, რომ არ უნდა ელოდონ რაიმე სახის გრანტს.
ამავდროულად, ზოგიერთ გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც იღებენ დაფინანსებას ევროკავშირის LIFE პროგრამიდან, მოუწიათ ამოეღოთ ადვოკატირების შესახებ მოხსენებები თავიანთი დოკუმენტებიდან, რათა შესაძლებელი ყოფილიყო გრანტის მიღება".
ევროკავშირის საერთაშორისო გამჭვირვალობის დირექტორმა ნიკოლას აიოსამ POLITICO-ს განუცხადა, რომ მემარჯვენე ცენტრი და ულტრამემარჯვენეები სლოგანით - ,,გახადე ამერიკა კვლავ დიდებული!’’ - შთაგონებულ თავდასხმებს აწარმოებენ არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
,,ევროპელი ულტრამემარჯვენეები და ზოგიერთი მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკის მიმდევარი ტრამპსა და მასკს ბაძავს და ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და მათი დაფინანსების შეწყვეტას. ისინი ტრამპის მიერ ძირითადი დახმარების პროგრამების შეჩერებას [როგორიცაა USAID-ი] აფასებენ, როგორც წარმატებულ მოდელს და შესაძლოა მსგავსი ნაბიჯები ევროპაშიც განმეორდეს,’’ - თქვა ნიკოლას აიოსამ.
როგორც POLITICO წერს, თუ არასამთავრობო სექტორის შიშები გამართლდება, შეიძლება სერიოზულად შეფერხდეს ბრიუსელში სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გავლენა, რომელთაგან ზოგიერთი ფინანსურად ნახევრად ევროკავშირს ეყრდნობა.
2021-დან 2023 წლამდე, ევროკავშირმა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაახლოებით 7,4 მილიარდი ევრო გამოყო პირდაპირ ევროკავშირის ინსტიტუტებიდან ან ირიბად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული მთავრობების მეშვეობით.
0
0