17/03/2023
18:47
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ გასული კვირის აქციებთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საზოგადოებრივი აზრის აქციაზე გამოხატვა ნორმალურია და ამაში პრობლემას ვერავინ ხედავს.
მისივე თქმით, ქვეყნის პოლიციამ, ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ და მთავრობამ ყველაფერი გააკეთეს და არ დაუშვეს სისხლისღვრა, რისთვისაც მადლობას იმსახურებენ. რაც შეეხება კანონპროექტს, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ხელისუფლებას მეტი უნდა ემუშავა მოსახლეობასთან, რათა სპეკულაციის საშუალება არ ყოფილიყო’’,-განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ და მაგალითად პაატა ბურჭულაძის კომენტარი მოიყვანა.
"პაატა ბურჭულაძემ აქციაზე მოსახლეობას მიმართა და თქვა, თითქოს, ოჯახის წევრების მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხის გამო მათ აგენტები დაერქმევათ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კი, აგენტის სარჩულის საფუძველზე მოხდება მათი ან დაკავება, ან სამსახურიდან გათავისუფლება’’, -აღნიშნა საკრებულოს წევრმა და პაატა ბურჭულაძის კომენტარს სიცრუე უწოდა.
როგორც ზარნაძემ აღნიშნა, კანონპროექტი პირველი მოსმენის შემდეგ ვენეციის კომისიაში გადაიგზავნებოდა, რომელიც დამატებით დასკვნებს დადებდა. დეპუტატის თქმით, მიუღებელია, რომ ადამიანებს, რომელთაც ბევრი აქვთ გაკეთებული ქვეყნისთვის, შეურაცხმყოფელ იარლიყებს აკრავენ. მისივე თქმით, 2012 წლიდან ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომლის დამსახურებით გვაქვს მშვიდობა და სტაბილური განვითარება. სწორედ ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები ევროპისკენ.
0
0