
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი მიქანაძეს უსმენენ.
გივი მიქანაძემ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ პირადი საუბრისას ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და ერთ-ერთმა უკრაინელმა დეპუტატმა მას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„არჩევნების დასრულებიდან დაახლოებით ერთ კვირაში მომიწია საბერძნეთში ვიზიტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, ასევე საბერძნეთში ყოფნიდან ორი კვირის თავზე ჟენევაში მეორე კომიტეტის სხდომაზე. ამ კომიტეტების წევრი ვარ და შესაბამისად, ვიმყოფებოდი. ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა პირად საუბარში მომილოცა არჩევნებში გამარჯვება და მითხრა, რომ მართლაც წარმოუდგენელია ასეთი უპირატესობით გამარჯვებაო. ვუთხარი, რომ არასწორი მიდგომაა, როცა ოთხი ოპოზიციური პარტია ჯამური შედეგის წარმოჩენას ცდილობს, რადგან პირველადგილოსან „ქართულ ოცნებასა“ და მეორეადგილოსან ოპოზიციურ პარტიას შორის თითქმის 42 პროცენტია განსხვავება. იმ შემაჯამებელზეც კი ჩვენ დიდად ვუსწრებთ. რატომ აჯამებენ? გამოსულიყვნენ ერთიანი სიით და მაშინ სწორი იქნებოდა მათი განცხადება. ისინი ხომ საარჩევნო ბიულეტენზე სხვადასხვა ნომრით იყვნენ წარმოდგენილი. ერთმანეთის კონკურენტებიც იყვნენ. ასევე ერთ-ერთმა უკრაინელმა დეპუტატმა პირადი კომუნიკაციის დროს მითხრა, დაუჯერებელია, რაზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს, რომ 300 000 ხმა გაყალბდაო. ისიც მითხრა, გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, თუმცა პირდაპირ გეტყვით, დიდად არ გაგვხარებია, რომ ისევ თქვენ გაიმარჯვეთ არჩევნებშიო. ასეთი პოზიციები საინტერესოა და ეს კომუნიკაცია ხდება ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის 15-20 რიცხვამდე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
0
0