ევროკავშირის 13 ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ესპანეთსა და საბერძნეთში, კოღოს ინვაზიური სახეობა აღმოაჩინეს. ექსპერტები კოღოების აღმოჩენას ევროპაში დენგეს ცხელების მზარდ შემთხვევებს უკავშირებენ.
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის განცხადებით, კლიმატის ცვლილება ხელსაყრელ პირობებს ქმნის აზიური ტყის კოღოების (სამეცნიერო სახელწოდება -aedes albopictus) გავრცელებისთვის. ბოლო 20 წლის განმავლობაში, კოღოები ევროპაში მზარდ საფრთხედ იქცა. აზიური ტყის კოღო, რომელიც კოღოს ყველაზე ინვაზიურ სახეობად ითვლება მსოფლიოში, უკვე მთელ ევროპაში ვრცელდება.
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის თანახმად, აზიური ტყის კოღოები, ძირითადად, გავრცელებულია ავსტრიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, იტალიაში, მალტაში, პორტუგალიაში, რუმინეთში, სლოვენიასა და ესპანეთში და ასევე დაფიქსირდა ბელგიაში, კვიპროსში, ჩეხეთში, ნიდერლანდებსა და სლოვაკეთში.
აზიური ტყის კოღოები ავრცელებენ დაავადებებს, როგორიცაა დენგეს ცხელება, ჩიკუნგუნიას ცხელება და ზიკა ვირუსი, რომლებიც მანამდე მხოლოდ აფრიკის, აზიისა და ამერიკის ნაწილებში იყო მოდებული. კიდევ ერთი სახეობის კოღო, aedes aegypti, რომელიც ყვითელ ცხელებას და სხვა დაავადებებს ავრცელებს, კვიპროსში დაფიქსირდა. ექსპერტების თქმით, ევროპის სხვა ნაწილებში კოღოების გავრცელების პოტენციალი „შემაშფოთებელია“, რადგან მათ ადამიანების დაკბენისა და დაავადების გადაცემის ძლიერი უნარი აქვთ.
ექსპერტები მოსახლეობას „პერსონალური დამცავი ზომების“ მიღებას ურჩევენ: „შემთხვევების ადრეული გამოვლენა, დროული მეთვალყურეობა, შემდგომი კვლევა და ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესია ევროპის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადგილებში“. მათივე თქმით, არსებობს შეშფოთება, რომ მომავალში კონტინენტზე შეიძლება მალარიის ინციდენტებმაც მოიმატოს.
0
0