
მსოფლიო შეიცვალა და ჩვენ, ევროპელები ამას არ მივყოლილვართ. მე ვიყავი ევროპული საბჭოს წევრი 15 წლის განმავლობაში. პირადად გამომიცდია დაკარგული წლები. ჩვენ უნგრეთს ისე თუ გავუძღვებოდით, როგორც კომისია უძღვება ევროპას, მაშინ გაკოტრებული ვიქნებოდით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე განაცხადა.
ვიქტორ ორბანის განმარტებით, დასავლური სტრატეგიები, რომლებიც რუსეთის გატეხვას ცდილობდნენ, ჩავარდა, რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიშალა და სანქციებმა შედეგი ვერ გამოიღო.
„ჩინეთი სწრაფად ვითარდება, არა მხოლოდ სამრეწველო შესაძლებლობებში, არამედ თავისი ტექნოლოგიების ხარისხშიც. ის ჩვენი კონკურენტია. ინდოეთი ემზადება მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე გამოსვლისთვის, ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა მსოფლიოში, არა მხოლოდ მოსახლეობით, არამედ თავისი ეკონომიკური და ტექნოლოგიური ამბიციებითაც დიდი ძალაა. მის უკან დგას მსოფლიოს უდიდესი ბაზარი და მას აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ გახდეს ჩინეთთან შესადარებელი ძალაუფლების ცენტრი. როგორია ვითარება აქ, ევროპაში? ევროპა მოუმზადებელია. ეს არის ისე, თითქოს ბოლო ათწლეულების პასუხებით გვინდა მომავალი ათწლეულების პრობლემების გადაჭრა, მაგრამ ისინი აღარ მუშაობს. მსოფლიო შეიცვალა და ჩვენ, ევროპელები ამას არ მივყოლილვართ. მე ვიყავი ევროპული საბჭოს წევრი 15 წლის განმავლობაში. მე პირადად გამომიცდია დაკარგული წლები. ქალბატონებო და ბატონებო, თუ ჩვენ უნგრეთს ისე ვუძღვებოდით, როგორც კომისია უძღვება ევროპას, მაშინ ჩვენ გაკოტრებული ვიქნებოდით. დასავლური სტრატეგიები, რომლებიც რუსეთის გატეხვას ცდილობდნენ, ჩავარდა. ვერავინ ბედავს აღიარებას, მაგრამ ჩვენ წავაგეთ ეს ომი. რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიშალა, სანქციებმა ვერ გამოიღო შედეგი და რუსებმა ხელი შეუშალეს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ამერიკელებმა, აშშ-მა აღიარა ეს და ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჩვენ, ევროპელები განვაგრძობთ ომს და ვიქცევით ისე, თითქოს შეგვეძლოს გამარჯვება. იმედი მაქვს, არ ვარ მართალი, მაგრამ დასასრული იქნება ის, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით ომით ჩვენს სამეზობლოში, მაშინ როცა ჩვენ მთელ ჩვენს ფულს მიუღწეველ გამარჯვებაზე მივმართავთ“, – განაცხადა ორბანმა.
ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ დღეს ევროპა მდიდარი და სუსტია.
„ჩვენ გვჭირდება ახალი სტრატეგია და ძლიერი ევროპელი ლიდერები. დღეს ევროპა მდიდარი და სუსტია. ეს ყველაზე საშიში კომბინაციაა. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა გავაძლიეროთ ევროპა. ჩვენ გვაქვს ისტორიული გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, როგორ გამოიყურება ძლიერი ევროპა. და რთული გეოპოლიტიკური დებატების ჯუნგლებში ერთი რამ რჩება უეჭველი: ევროპა ვესტფალიის ზავის შემდეგ გახდა ძლიერი და მსოფლიო ძალა ერი-სახელმწიფოების დაბადების გამო. დიდებული ერა დაიწყო ერი-სახელმწიფოებით და სწორედ ეს ხდიდა მას წარმატებულს საუკუნეების განმავლობაში. ევროკავშირის წარმატება ეფუძნება ერი-სახელმწიფოების ეკონომიკურ სიძლიერესა და პოლიტიკურ ძალას. ევროკავშირი ახლა ეფუძნება ერი-სახელმწიფოების თანამშრომლობას და შეიძლება წარმატებული გახდეს წევრი სახელმწიფოების ძლიერი ლიდერების მეშვეობით. სინამდვილეში, ეს ერთადერთი გზაა, რითიც ის შეიძლებოდა შექმნილიყო. ასე დაარსდა ის. და ამ ასპექტიდან შეგვიძლია, გავიგოთ ეროვნული პარლამენტის მნიშვნელობა. ევროპაში არ არსებობს ძლიერი და წარმატებული ერი-სახელმწიფო ძლიერი და წარმატებული ეროვნული პარლამენტის გარეშე. მოკლედ და შეჯამების სახით, ევროკავშირი ყველაფერს უნდა უმადლოდეს ეროვნულ პარლამენტს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც მონაწილეობს.
0
0