
დიდი ბრიტანეთის ყოფილი ევროდეპუტატი, უელსში რეფორმისტთა პარტიის ლიდერი ნეითან გილი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, პრორუსული ინტერვიუებისა და გამოსვლებისთვის სოლიდური თანხა მიიღო, 10 წლით დააპატიმრეს.
ცნობისთვის, გილმა სექტემბრის ბოლოს თავი დამნაშავედ ცნო რვა ეპიზოდში ქრთამის აღების ბრალდებით.
საქმის მასალების მიხედვით, ის 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ივლისამდე იღებდა თანხას უკრაინელი ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკთან დაკავშირებული პირებისგან.
გამოძიების შედეგად გილის ტელეფონში აღმოჩნდა ვრცელი მიმოწერა ოლეგ ვოლოშინთან, რომელიც იმ დროს მედვედჩუკის პარტიის „ოპოზიციური ბლოკი – სიცოცხლისთვის“ დეპუტატი იყო. მიმოწერაში იყო მითითებები, თუ რა უნდა ეთქვა გილს.
ვოლოშინი უკრაინაში სახელმწიფო ღალატის გამო არის ბრალდებული და უკრაინული მედიის ცნობით, ამჟამად ბელარუსში ცხოვრობს.
პროკურორმა მარკ ჰეივუდმა განაცხადა, რომ მიმოწერა 2018 წლის სექტემბრიდან იწყება და მასში გილი ვოლოშინთან განიხილავს სიტყვით გამოსვლების თეზისებს, ტექსტებს, ანაზღაურებას და ასევე ზოგიერთი სხვა ევროდეპუტატის „გადაბირების” საკითხებს.
ცნობისთვის, ნეითან გილი უელსში ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა იყო დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მოძრაობაში.
2014 წლიდან 2020 წლამდე ის ევროპარლამენტის დეპუტატი იყო – თავდაპირველად დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიიდან (UKIP), შემდეგ კი გამოყოფილი ბრექსიტის პარტიიდან.
შემდგომში გილი უელსში რეფორმისტთა პარტიას ხელმძღვანელობდა. ამ პარტიის ლიდერია ნაიჯელ ფარაჯი.
ევროპარლამენტში ნეითან გილი ფარაჯთან ერთად იყო წარმოდგენილი, თუმცა, გამოძიების ცნობით, არანაირი მონაცემი არ არსებობს, რომ ფარაჯმა იცოდა გილის მიერ მიღებული ქრთამის შესახებ.
0
0