
ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კომიტეტის შექმნას გეგმავს.
ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა, უნგრელმა ევროდეპუტატმა, კინგა გალმა სტრასბურგში განაცხადა, რომ ინიციატივის წარსადგენად საჭირო 180 ხელმოწერა უკვე შეგროვებულია.
მისი თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტები ხშირად აკრიტიკებენ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს, თვითონ კი თვალს ხუჭავენ საკუთარ რიგებში კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის კუთხით არსებულ პრობლემაზეც.
გალმა აღნიშნა, რომ 2019-2023 წლებში ევროკომისიამ 37 000 კონტრაქტი გააფორმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჯამში, 17 მილიარდი ევროს ოდენობით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემები საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში.
უნგრელი დეპუტატი განსაკუთრებით შეშფოთებულია იმით, რომ მემარცხენე ჯგუფები ითხოვენ USAID-ის მიერ გაწეული დაფინანსების ჩანაცვლებას ევროკავშირის ფულით. მისი თქმით, „ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფული არ უნდა ხმარდებოდეს პოლიტიკური აქტივისტების ჯგუფებს, რომლებიც აზიანებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების დაცვისკენ მიმართულ ძალისხმევას, ეწევიან ფერმერების საწინააღმდეგო აგიტაციას და ორგანიზებას უწევენ დემოკრატიულად არჩეული მთავრობების საწინააღმდეგო ქმედებებს“.
გალმა უკრაინის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხედრო გზით მშვიდობა ვერ დადგება და გამოსავალი მხოლოდ დიპლომატიაა. მისი თქმით, ევროკავშირმა გადაუხვია მშვიდობის გზას და ომისთვის მზადებასა და უკრაინის შეიარაღებაზეა კონცენტრირებული.
უნგრელმა ევროდეპუტატმა ასევე გააკრიტიკა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება, რაც, მისი თქმით, პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი და სერიოზულ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვევს.
0
0