ევროპა რუსეთ-უკრაინის გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდების გასაგრძელებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს - Bloomberg
ევროპელი ოფიციალური პირები რუსეთ-უკრაინის საკვანძო მილსადენით გაზის მიწოდების შესანარჩუნებლად მოლაპარაკებებს აწარმოებენ და, ამ გზით, ცდილობენ თავიდან აიცილონ კონტინენტის ენერგომომარაგების სფეროში მოსკოვის მიერ წარმოებული ომით გამოწვეული შემდგომი ზარალი.
ევროპა რუსული გაზის გამოყენების შეწყვეტას ცდილობდა, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფო, უკრაინაში გამავალი მილსადენით, კვლავ ახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანზიტს.
სატრანზიტო ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება. ომის ფონზე, ბაზრის ექსპერტების უმეტესობა მოელის, რომ ბუნებრივი გაზის ტრანზიტი საბოლოოდ შეჩერდება, თუმცა შეიძლება სიტუაცია ძველებურად დარჩეს.
„ევროპული კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა ოფიციალური პირები უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს მართავენ იმის შესახებ, თუ როგორ შეინარჩუნონ გაზის ნაკადი მომავალ წელს,“ - განუცხადეს Bloomberg-ს ანონიმურმა პირებმა.
ამასთან, ზოგიერთის თქმით, ევროპული კომპანიები ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ აზერბაიჯანული გაზის შესყიდვას, რომელსაც რუსული მილსადენებით ევროპას მიაწოდებენ. ასეთი შეთანხმება საშუალებას მისცემს ევროპას თავიდან აირიდოს რუსული გაზის ყიდვით გამოწვეული უხერხულობა იმ დროს, როდესაც ის მოსკოვის შემოსავლების შემცირებას ცდილობს. როგორც ჩანს, აღნიშნული ვარიანტი განხორციელდება, რადგან უკრაინა ამ იდეის მომხრე იქნება.
უკრაინისათვის ბუნებრივი აირის ტრანზიტიდან მიღებულმა შემოსავალმა 2021 წელს $1 მილიარდამდე შეადგინა. სავარაუდოდ, იგივეა ამჟამადაც. შესაბამისად, დღეისათვის ეს თანხა გადამწყვეტ ფინანსურ კონსოლიდირებას წარმოადგენს ომის შედეგად განადგურებული ეკონომიკისთვის. ასევე არსებობს შეშფოთება, რომ გამოუყენებელი მილსადენები შეიძლება სამხედრო სამიზნეები გახდეს ან მწყობრიდან გამოვიდეს, რომელთა ჩანაცვლება ძვირი ჯდება.
„არსებობს ორი ფაქტორი, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. პირველ რიგში, უკრაინას გაზის სატრანზიტო და შესანახი ინფრასტრუქტურის წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს და მან ეს ყველაფერი თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს. გამორიცხულია ნებისმიერი გეგმა, რომელიც გულისხმობს რუსულ „გაზპრომთან“ მუშაობას, ხოლო აზერბაიჯანიდან გაზის ჩამოტანა შეიძლება გარკვეულწილად პერსპექტიული იყოს“, - განუცხადა Bloomberg News-ს უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლექსი ჩერნიშოვმა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია Socar-მა კომენტარის გაკეთებაზე Bloomberg-ის თხოვნას არ უპასუხა. ბაქოს ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც ხშირად ცდილობდა ევროპაში ექსპორტის გაზრდას, აღნიშნულ ინფორმაციას მყისიერად არ გამოხმაურებია. არც რუსეთის მთავრობამ და „გაზპრომმა“ არ უპასუხეს თხოვნას კომენტარის გაკეთებისათვის.
აზერბაიჯანული გაზის გამოყენების გეგმამ, თეორიულად, შესაძლოა სარგებელი მოუტანოს რუსეთს, თუ ის "სვოპ"-ოპერაციის სახით შეიქმნება, რაც მოსკოვს გაზის სხვა ქვეყანაში გაგზავნის საშუალებას მისცემს. რუსეთს საწვავის საკმარისი ახალი მომხმარებლების მოძებნა გაუჭირდა, რადგან მისი ინფრასტრუქტურა ევროპის მომარაგებისთვისაა შექმნილი, ჩინეთი კი რთულ გარიგებას აწარმოებს. ნავთობისა და გაზის ბაზრებზე „სვოპ“-ოპერაციების იდეა უცხო არ არის და გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთი ადგილიდან მეორეზე საწვავის ფიზიკურად მიტანა შეუძლებელია.
აზერბაიჯანი ევროპისკენ მიმავალ მილსადენს უკვე სრული დატვირთვით იყენებს. მოლაპარაკებები ადრეულ ფაზაშია და ამ საკითხზე მომუშავე პირები გადაწყვეტილებებს მხოლოდ 2024 წლის ბოლოს მიიღებენ, როდესაც სატრანზიტო ხელშეკრულების ვადის გასვლა და ევროპული ზამთრის დაწყება ზეწოლას გაზრდის. ბევრი დეტალი ჯერ კიდევ გასასწორებელია და გაურკვეველია - მაგალითად, შესრულდება თუ არა გარიგების პირობები ომის ფონზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.
ანონიმური პირების თქმით, დისკუსიებში ჩართულია გერმანული ენერგეტიკული კომპანია Uniper SE, თუმცა მისმა წარმომადგენელმა უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე. თავის მხრივ, გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მთავრობა ევროკავშირის ფარგლებში მოლაპარაკებებს აწარმოებს.
სლოვაკეთი ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანაა, რომელსაც ასეთი შეთანხმებით სარგებლობა შეუძლია, რაზეც, გასულ თვეში, პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ, დეტალების დასახელების გარეშე, უკვე ისაუბრა აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ.
„ეკონომიკურ და საფასო პირობებზე ახლა ისეთი კომპანიები უნდა შეთანხმდნენ, როგორებიცაა რუსული „გაზპრომი“, აზერბაიჯანული, უკრაინული და სხვა კომპანიები. თუ ეს მოხერხდება, სლოვაკეთს შეუძლია გაზის იმპორტი განახორციელოს აზერბაიჯანიდან, აქდან ბუნებრივი აირის ნაწილი სლოვაკეთში დარჩება, ნაწილს კი სხვა ქვეყნებში გავაგზავნით“, - განუცხადა ფოცომ ჟურნალისტებს მაისში.
სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენელმა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ასევე არც ავსტრიის ენერგეტიკის სამინისტრომ არ უპასუხა Bloomberg-ის თხოვნას კომენტარის დაფიქსირებაზე. როგორც ცნობილი გახდა, ავსტრია კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც აღნიშნული გეგმით ისარგებლებს.
0
0