
ევროკავშირის ქვეყნები ვერ ახერხებენ, მოხსნან უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვეტო უკრაინისთვის გამოყოფილ 90 მილიარდი დოლარის სესხზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ევროკავშირის საბჭომ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი დასკვნები მიიღო, თუმცა ვიქტორ ორბანისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ხელმოწერების გარეშე, რომლებიც კიევთან „დრუჟბას“ ნავთობსადენის თაობაზე დავაში არიან ჩართულნი.
განცხადებაში საუბარია უკრაინისთვის გამოყოფილ 90 მილიარდ ევროს სესხზე, რომელსაც უნგრეთი ბლოკავს, და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე, რომელსაც უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავენ.
ბუდაპეშტმა და ბრატისლავამ მკაცრად გააკრიტიკეს ევროკომისია მილსადენის შემოწმებიდან საკუთარი ექსპერტების გამორიცხვის გამო.
„მათი გამორიცხვა ფუნდამენტურ კითხვებს ბადებს ნებისმიერი დასკვნის სანდოობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ისინი.
განხილვის დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ დაგმო როგორც ორბანის მანევრები, ასევე უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბოლო კვირების განმავლობაში გაკეთებული კომენტარები, რადგან ორივე ლიდერს შორის მწვავე დავა საჯაროდ გავრცელდა.
„უნგრეთის პოზიცია ძალიან მარტივია. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, როდესაც ჩვენს ნავთობს მივიღებთ, რომელიც მათ მიერ არის დაბლოკილი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
0
0