
უნგრელმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, პარლამენტის სესიაზე დასავლეთ ბალკანეთის საკითხის განხილვისას გამართული კითხვა-პასუხის დროს, ევროპარლამენტარებს „იდიოტები“ უწოდა - ვარჰეის მიკროფონის გამორთვა დაავიწყდა და მის მიერ წარმოთქმული ფრაზა - "კიდევ რამდენი იდიოტი დარჩა აქ?", - ხმამაღლა გაისმა.
ვარჰელის კომენტარის გამო ევროპარლამენტარები აღშფოთდნენ და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება, ასევე, ინციდენტთან დაკავშირებით, ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენისგან მკაცრი რეაგირება მოითხოვეს.
”ის უნდა გადადგეს,” - განუცხადა „მწვანეთა“ კანონმდებელმა დანიელ ფროუნდმა POLITICO-ს.
საბოლოოდ, ვარჰეიმ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც მას ბოდიში არ მოუხდია. „გულწრფელად ვწუხვარ ჩემს მიერ გამოთქმული შენიშვნის გამო შექმნილი გაუგებრობისთვის. ეს კომენტარი დებატების დროს ჩემს გვერდით მჯდომ პირთან მხოლოდ ცალკე საუბრის ნაწილი იყო. პატივს ვცემ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტს, მათ შორის ევროპარლამენტს და მის საპატიო წევრებს,“ -- წერს ვარჰეი.
თუმცა, ევროპარლამენტარები ვარჰეის მიერ აღნიშნული „ორიგინალური შენიშვნის განმარტებით“ ვერ აღფრთოვანდნენ.
"ვარჰეის ჰქონდა ბოდიშის მოხდის შანსი და მან ეს ხელიდან გაუშვა. მას არ აქვს უფლება, უბრალოდ უთხრას ევროპარლამენტარებს - "თქვენ არასწორად გაიგეთ ჩემი კომენტარი" და საკუთარ პოზიციაზე მუშაობა ჩვეულებრივად გააგრძელოს. ამას რეაგირება უნდა მოჰყვეს“, - თქვა ფროუნდმა.
ვარჰეის კოლეგებს შორის უხეში და აგრესიული რეპუტაცია უკვე მანამდეც შეექმნა - გასულ თვეში ევროპარლამენტარებმა ევროკომისიას სერბი ნაციონალისტების მიმართ მისი პოზიციის გამოძიებისკენ მოუწოდეს.
0
0