26/11/2024
18:22
პოლიტიკა
ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით სამინისტრო პროაქტიულად გააგრძელებს ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, ანრი ოხანაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაცია „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკური მიზანია
„,ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით სამინისტრო პროაქტიულად გააგრძელებს ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესს; უზრუნველყოფს სამართლებრივი დაახლოების შესახებ ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვას. ეს მნიშვნელოვანი საქმიანობაა, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი გაცხადებული პოლიტიკური მიზანია და ამ მიმართულებით სახელმწიფო უნდა შეხვდეს მზად ევროკავშირის წევრობას და შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე უნდა იყოს სრულად ჰარმონიზებული, თანხვედრაში და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მიმართულებით განვაგრძობთ მუშაობას“, ‒ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო სამართალშემოქმედებითი, სერვისების ხელმისაწვდომობის, პენიტენციური, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით.
მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობით ფუნქციაზე საერთაშორისო სასამართლოებში.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უნდა პოზიციონირებდეს ღირსეულად, შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაციით და სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვით საერთაშორისო სასამართლოებში.
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2024 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილება ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე აქტიურად იქნება გამოყენებული ყველა შესაძლო სამართლებრივი და პოლიტიკური ფორმით სახელმწიფო სუვერენიტეტის განსამტკიცებლად და დევნილთა საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უზრუნველსაყოფად. წარმომადგენლობითი ფუნქციის ფარგლებში, გაგრძელდება სახელმწიფო ინტერესების დაცვა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში“, ‒ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 25 ნოემბერს წარადგინა.
0
0