08/12/2022
18:58
მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებმა ვერ დაამტკიცეს ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენში გაწევრიანების საკითხი. თუმცა, შეთანხმდნენ ხორვატიის გაწევრიანებაზე. ამის შესახებ პორტალი Digi24 იუწყება.
ავსტრიამ და ნიდერლანდებმა რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის ზონაში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ამავდროულად, მინისტრებმა დაამტკიცეს ხორვატიის შენგენში გაწევრიანება.
ნიდერლანდებმა განმარტა, რომ ის არა რუმინეთის, არამედ მხოლოდ ბულგარეთის გაწევრიანების წინააღმდეგია, მაგრამ ვინაიდან ორი ცალკე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ერთი ხორვატიისთვის, მეორე ბულგარეთისა და რუმინეთის, მათი ხმაც წინააღმდეგი იყო.
„შენგენის ზონა პირველად ფართოვდება ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩეხეთის პრეზიდენტობის წყალობით. მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ხორვატიის გაწევრიანების საკითხს 2023 წლის 1 იანვრიდან!" - წერს ტვიტერზე ევროკავშირის საბჭოში ჩეხეთის წარმომადგენლობა.
ევროკომისარმა საშინაო საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა ბულგარეთისა და რუმინეთის გაწევრიანების დამტკიცება. თუმცა, განაცხადა, რომ ევროკომისია განაგრძობს მუშაობას იმისათვის, რომ ეს ქვეყნები კვლავ შეუერთდნენ შენგენს, რაც შეიძლება სწრაფად.
0
0