
ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახური აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად 2008 წლიდან 2024 წლამდე გამოყოფილი თანხების შესახებ. სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს.
საქართველოში ამ მისიის ფარგლებში:
2008-2024 წლებში დაიხარჯა 345 მილიონ ევროზე მეტი;
2023-2024 წლების ბიუჯეტი 47 მილიონ ევროზე მეტია.
მისიის მიზანი:
გრძელვადიანი სტაბილურობის შენარჩუნება და საომარი მოქმედებების პრევენცია;
ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების ხელშეწყობა;
კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის განმტკიცება.
„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ 2021-2023 წლებში საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე 62 მილიონი ევრო დაიხარჯა.
კერძოდ, თანხა დაიხარჯა:
ორ სრულად აღჭურვილ მობილურ სამედიცინო განყოფილებაზე;
სამედიცინო აღჭურვილობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში;
42 სატვირთო;
96 ინდივიდუალური და 17 ჯგუფური ტიპის საინჟინრო კომპლექტი;
კიბერუსაფრთხოების ტრენინგები და წვრთნები.
ამავე პოსტში აღნიშნულია, რომ 2024 წლისთვის გამოყოფილი დახმარება შეჩერებულია.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეაჩერა.
”ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება სხვებიც”, - განუცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს 9 ივლისს.
0
0
სამეგრელოში სამ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა
14/05/2025