
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში, დევიდ ო’სალივანმა, Guardian-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესახებ ისაუბრა.
ო’სალივანი, რომელსაც ევროკავშირის ინსტიტუტებში ოთხ ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვს, 2022 წლის დეკემბერში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა, მისი მოვალეობა კი სანქციებისთვის თავის არიდების და გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლაა.
დევიდ ო’სალივანმა, Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის „ძალიან ფრთხილად ადანაშაულებს ქვეყნებს“ ევროკავშირის მოთხოვნების შეუსრულებლობაში.
„მსოფლიოში არც ერთ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას არ აქვს ვალდებულება, დაიცვას ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები“. - განაცხადა მან.
ევროკავშირმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთს წინააღმდეგ უპრეცედენტო - სულ 19 სანქციათა პაკეტი დააწესა. სანქციები შეეხო 2 700-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს და მნიშვნელოვნად შეიზღუდა ვაჭრობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ავიაცია, IT, ფუფუნების და სამომხმარებლო საქონელი, ბრილიანტები და ოქრო.
ევროკავშირის მისიაა, დაარწმუნოს სხვა ქვეყნები, არ დაუშვან ევროპული საქონლის რუსეთში ხელახალი გაყიდვა, განსაკუთრებით იმ კომპონენტების, რომელთა გამოყენება ან ხელახლა გამოყენება შესაძლებელია სამხედრო მიზნებისთვის.
ო’სალივანის თქმით, ბლოკმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია „იარაღისთვის კრიტიკული პროდუქტების პირდაპირი რეექსპორტის აღკვეთაში“ ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთის, სერბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და „უფრო მცირე მასშტაბით“ მალაიზიის მეშვეობით. მისი თქმით, სანქციების გვერდის ავლა, უმეტესად „ეკონომიკური ოპერატორების მიერ ხდება, რომლებიც შესაძლებლობას ხედავენ და ფულს აკეთებენ“ და არ არის მთავრობების მიერ ორგანიზებული.
0
0