12/05/2023
16:10
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დაახლოებით, 13 000 ჯარისკაცი დაკარგეს, - ინფორმაციას გამოცემა EURACTIV-ი ავრცელებს.
გამოცემა ირწმუნება, რომ ხელში ჩაუვარდათ ევროკავშირის შიდა დოკუმენტის ამონარიდები, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ „უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებმა 13 000 ადამიანი შეადგინა, 35 000 ჯარისკაცი კი ბრძოლაში დაიჭრა“. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ს შეფასებით, კიევმა 17 500 ჯარისკაცი დაკარგა, 124 000-დან 131 000-მდე ადამიანი კი ქმედუუნარო გახდა ჭრილობების, გაუჩინარების ან სხვა მიზეზის გამო.
ამასთან, EURACTIV-ის ინფორმაციით, ევროკავშირის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინელი ოფიციალური პირების შეფასებით, ომის დროს 185 000 რუსი დაიღუპა და 555 000 დაიჭრა. ეს მაჩვენებლები შედარებულია აშშ-ის დაზვერვის მონაცემებზე, რომელიც New York Times-მა გაავრცელა და რომლის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა 189 500-223 000 ადამიანს შეადგენს, აქედან 43 000 - დაღუპულია.
„მონაცემები გვიჩვენებს, რომ დაჭრილი რუსები, დიდი ალბათობით, ფრონტის ხაზიდან [საავადმყოფოებამდე] ვერ აღწევენ, მაშინ როცა ევაკუაციის, გადარჩენისა და დაშავებულების მართვის პროტოკოლები, როგორც ჩანს, უკრაინის მხარეს ბევრად უკეთესია“, - ციტირებს გამოცემა სამხედრო ექსპერტს, რომენ მიელჩარეკს.
0
0