11/11/2023
13:13
მსოფლიო
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკრაინისთვის 20 მლრდ ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით Reuters-ი იტყობინება.
ივლისში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა წარმოადგინა გეგმა, რომელიც 2024-2027 წლებში კიევისთვის ყოველწლიურად 5 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ამ ინიციატივის განხილვა ბრიუსელში 14 ნოემბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე იგეგმებოდა, თუმცა, Reuters-ის ცნობით, არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ წინმსწრებად ასეთი თანხის გამოყოფის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენა.
„ჯერჯერობით არ ვაპირებ, ეს გეგმა ჩავარდნილად გამოვაცხადო, თუმცა აშკარაა, რომ მისი სრულყოფა შეიძლება. გერმანიას ბევრი კუთხვა გაუჩნდა და ეს კითხვები საფუძველს არაა მოკლებული, იმიტომ რომ საუბარია დიდ თანხაზე“, - განაცხადა Reuters-თან საუბარში ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა.
ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა არაა მზად, ასეთი ხანგრძლივი ვალდებულებები აიღოს, ამიტომ დიპლომატიური წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირმა მიმდინარე ეტაპზე უკრაინას მხოლოდ ერთი წლის თანხა, 5 მილიარდი ევრო გამოუყოს.
0
0