
ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს საქართველოში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ანიტა ჰიპერმა ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი აგრძელებს იმ შესაძლო გზებისა და ვარიანტების შესწავლას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხი განხორციელდება.
„ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს საქართველოში. ჩვენ სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ მათ მიმართ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენი მხრიდან, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები და ვაგრძელებთ გზებისა და ვარიანტების შესწავლას, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხის განხორციელებას იმ უზარმაზარი დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვნახეთ.
ეს უკვე დაიწყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მეშვეობით, ასევე ივლისში საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე. ასევე, მიღებული გადაწყვეტილებები მოიცავს დამატებით ვარიანტებს, თუ რა შეგვიძლია გავითვალისწინოთ, სანქციებიდან დაწყებული უვიზო რეჟიმის შეჩერებით დამთავრებული და სხვა ვარიანტებით. ჩვენ უკვე შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენა და გავზარდეთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
0
0