
როგორც Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ევროპელი ლიდერები მზად არიან, დაელოდონ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის თურქეთში შესაძლო შეხვედრას, სანამ ისინი შეერთებულ შტატებს მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას სთხოვენ. სააგენტო აღნიშნავს, რომ ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებს შორის 12 მაისს გამართული საუბრების შემდეგ გაირკვა, რომ, პუტინზე ზეწოლის გაძლიერებამდე, ვაშინგტონს სურს მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები 15 მაისს შედგეს.
,,თუ ხუთშაბათს პუტინი უარს იტყვის ზელენსკისთან შეხვედრაზე ან რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას, ევროპელი ლიდერები მოუწოდებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, შეასრულოს თავისი მუქარა და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს,’’ - იუწყება Bloomberg-ი.
როგორც The Guardian-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, ტრამპის განცხადებამ, რომ უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დაეთანხმოს პუტინის მიერ შემოთავაზებულ პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას, შესაძლოა ხელი შეუშალოს ევროპის გეგმებს, დაარწმუნონ შეერთებული შტატები (30-დღიანი ზავის დარღვევის შემთხვევაში) რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში. თანამოსაუბრეების თქმით, ზელენსკის სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ სტამბოლში მოლაპარაკებების შესახებ პუტინის შეთავაზება მიეღო, რადგან მას ტრამპის განაწყენების ეშინია. დიპლომატების შეფასებით, პუტინმა მოლაპარაკებები ზელენსკის იმიტომ შესთავაზა, რომ თავის ამერიკელ კოლეგასთან ურთიერთობა არ დაეძაბა და თავიდან აეცილებინა ევროპის მხრიდან შეერთებულ შტატებზე ზეწოლა. ექსპერტები არ თვლიან, რომ დონალდ ტრამპი პუტინთან „შეთანხმებით“ მოქმედებს.
მათივე თქმით, შესაძლებელია, რომ სტამბოლში ზოგიერთი ევროპელი ოფიციალური პირიც ჩავიდეს, რათა დარწმუნდნენ, რომ უკრაინა მოლაპარაკებებისთვის მზადაა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა სტამბოლში 15 მაისს ჩავიდეს.
0
0