
ლაშა შარუხიას, რომელსაც ბრალი ედება მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, მოსამართლემ, რეზო ნადოიმ გირაოთი (2000 ლარი) შეუცვალა.
შარუხიას გათავისუფლებას სასამართლოს დარბაზში ოვაციებით შეხვდნენ „კონსერვატიული მოძრაობის" („ალტ-ინფოს") ლიდერები და სხვა მოქალაქეები. ბრალდებულის მხარდასაჭერად ადამიანები სასამართლოს შენობის გარეთაც იყვნენ შეკრებილები.
პროცესის შემდეგ ადვოკატმა სერგი ხურციძემ თქვა, რომ „თვე-ნახევრიანი ბრძოლა, რაც გაიმართა საზოგადოებასა და სახელმწიფო ბრალდებას შორის, დასრულდა იმით, რომ სახელმწიფოს მოუწია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენც, რა თქმა უნდა, საფუძველი მივეცით მტკიცებულებების წარდგენით, შესაბამისად, მოხდა ის, რომ ეს ადამიანი დღეს არის თავისუფლებაში".
საქმის არსებითი განხილვა დაინიშნება 16 თებერვალს, 12:00 საათზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში. ბრალდებული ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე.
როგორც პროკურატურამ რადიო თავისუფლებას უთხრა, შარუხიას ბრალი ედება სხვისი ქონების დაზიანების [სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი] ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0