
"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ევროკავშირი გამოიყენებს ყველა იმ ბერკეტს, რაც მათ ხელთ არის.
"ჰერჩინსკის განცხადება პირდაპირ იყო მოწოდება "ქართული ოცნებისთვის," რომ ან "ქართული ოცნება" დაუბრუნდება დემოკრატიულ, ევროპულ გზას, ან არა, მათ წინააღმდეგ ამუშავდება ყველა ის ბერკეტი, რაც აქვს ევროკავშირს. ეს არის ის, რაც ჰერჩინსკიმ იგულისხმა. შესაბამისად, ევროკავშირი გამოიყენებს ყველა იმ ბერკეტს, რაც მათ ხელთ არის, - ეს იქნება სანქცია, ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების გაუქმება თუ კანდიდატის სტატუსის გაუქმება. ანუ, ეს დევს უკვე მაგიდაზე," - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბნელ წარსულს, სამოქალაქო ომს და სიღარიბეს დაუბრუნდება. ელჩმა ეს განცხადება ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გააკეთა, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა "საქართველო ფოკუსში" გაიხსნა.
0
1