20/12/2024
11:47
მსოფლიო
ევროკავშირი ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მოსაპოვებლად, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ევროკაშირის ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კოშტას თქმით, დისკუსიამ დაადასტურა, რომ ევროკავშირი მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა უკრაინა შემდეგი ეტაპისთვის ძლიერ მდგომარეობაში იყოს.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელი გაზრდის ზეწოლას მათზე, ვინც პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობს ომის საერთაშორისო ესკალაციას და რუსეთის მხარდაჭერით აზიანებს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
„ჩვენ განვახორციელებთ რუსეთის წინააღმდეგ მე-15 სანქციების პაკეტს, რომელიც ამ კვირაში დავამტკიცეთ. ეს პაკეტი ხურავს ხარვეზებს და ზღუდავს გვერდის ავლას და განსაკუთრებით მიმართულია ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. მეორე, ჩვენ უკვე მივაწოდეთ დაახლოებით 130 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერა უკრაინას და დამატებით 30 მილიარდ ევროს მივცემთ 2025 წელს“, – განაცხადა ანტონიო კოშტამ.
თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის ბიუჯეტის თითქმის მთელ დეფიციტს დახურავს 2025 წელს.
„პარალელურად ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის თანხლებას ჩვენს კავშირში გაწევრიანების გზაზე. უკრაინა თუ გააგრძელებს კარგ მუშაობას, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მომავალი წლის დასაწყისში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნისთვის. ზოგიერთი სხვა შეიძლება, მოჰყვეს იმავე წელს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
0
0