25/04/2023
14:10
მსოფლიო
„ევროკავშირი და იაპონია ეწინააღმდეგება აშშ-ის ინიციატივას, რომლის მიხედვით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს რუსეთში ყველა ტიპის ექსპორტი ეკრძალებათ,“ - წერს Financial Times-ი სამ ანონიმურ პირზე დაყრდნობით.
Financial Times-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მომავალ თვეში, ჰიროშიმაში შეხვედრის წინ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები, აშშ-ის ინიციატივით, მუშაობენ განცხადების მომზადებაზე, რომლის თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სექტორული სანქციების სისტემა ექსპორტის სრული (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) აკრძალვით ჩანაცვლდება. გამონაკლისი შეეხება სასოფლო-სამეურნეო, სამედიცინო და ზოგიერთ სხვა პროდუქციას.
თუმცა, Financial Times-ის სხვა წყაროების ცნობით, გასულ კვირას გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იაპონიის და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები აშშ-ის ინიციატივის საწინააღმდეგოდ გამოვიდნენ. „ჩვენი გადმოსახედიდან, ეს უბრალოდ შეუძლებელია", - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.
ოფიციალური პირები შიშობენ, რომ აშშ-ის ინიციატივა ექსპორტის აკრძალვის შესახებ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ისედაც გაჭიანურებული დებატების განახლებას, რომლებიც ეხება, მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-10 პაკეტს და უკვე მიღებული ზომების პოტენციურად შესუსტებას.
თეთრი სახლის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ გამოცემა Financial Times-თან „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ აშშ „აგრძელებს რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრების გზების ძიებას“.
როგორც 20 აპრილს Bloomberg-ი წერდა, ჯერჯერობით, სანქციების შედეგად, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ ექსპორტის მოცულობა რუსეთში თითქმის განახევრდა და, შსაბამისად, ექსპორტის საერთო ღირებულებაც შემცირდა. ჟენევაში მოქმედი Trade Data Monitor-ის თანახმად, პროდუქცია, რომელიც ევროპიდან, აშშ-დან, კანადიდან და იაპონიიდან რუსეთში ჯერ კიდევ ექსპორტირდება, დაახლოებით 66 მილიარდი დოლარი ღირს.
0
0