01/05/2023
14:02
პოლიტიკა
იმედი მაქვს, საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება რეფორმების კუთხით იმისთვის, რომ 27 წევრმა სახელმწიფომ გააგრძელოს ნაბიჯის გადადგმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, რომელიც საქართველომ, შესაძლოა, მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ახლა მხარს უჭერს ქართველების 89 პროცენტი, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„ევროკავშირი არის 27 სუვერენული ქვეყნის ოჯახი. გვინდა გაფართოება, გვინდა მივცეთ სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, შესაძლებლობა, ამ ოჯახს შემოუერთდნენ. საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა იყოს ევროკავშირის ნაწილი. რა გადაწყვეტილების მიღებაც არ უნდა მოხდეს საქართველოს მხრიდან, ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან, ქართველი მოსახლეობის მხრიდან, ჩვენ პატივს ვცემთ მას. ვიცი, რომ ევროინტეგრაციასა და ევროკავშირში გაწევრიანებას ახლა მხარს უჭერს ქართველების 89 პროცენტი. ეს ნამდვილად ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მე ასევე მესმის და ვიცი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციაშიცაა აღბეჭდილი. ჩვენ, ევროკავშირი, აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მთავრობას ყველა საჭირო მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ განახორციელოს ეს მიზანი, მაგრამ ეს სამუშაო ქართველების შესასრულებელია. იმედი გვაქვს, რომ პროცესი გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით. ეს იქნება ხანგრძლივი, რთული პროცესი. ეს არის პროცესი, რომლის გავლაც ყველა ქვეყანას მოუწია, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურდა, მაგრამ ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტების ხელშია და იმედი მაქვს, საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება რეფორმების კუთხით იმისთვის, რომ 27 წევრმა სახელმწიფომ გააგრძელოს შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, რომელიც საქართველომ, შესაძლოა, მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღოს, მაგრამ კვლავ გავიმეორებ, რომ ის იქნება დაფუძნებული იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველო მიაღწევს რეფორმების გზაზე“, - აღნიშნა ელჩმა.
0
0